“პრეზიდენტის ჩარევა პირიქით, ხელს უწყობს სასამართლოს მიმართ უნდობლობას და არა მის შემდგომ განვითარებას”
“პრეზიდენტის ჩარევა პირიქით, ხელს უწყობს სასამართლოს მიმართ უნდობლობას და არა მის შემდგომ განვითარებას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში წერია.
როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, გაპოლიტიზირებული ქმედებებით, პრეზიდენტი საკუთარი თავის პირველი მტერია.
„გუშინ პარლამენტის სხდომაზე ხმა მივეცი ვეტოს დაძლევას, ხოლო პრეზიდენტის წარდგენილ შენიშვნებს დავუჭირე მხარი, ასევე, მხარი დავუჭირე წარდგენილ მოსამართლეთა კანონის უცვლელ ვერსიას. ამას განმარტება სჭირდება : მიმაჩნია, რომ წარდგენილი მესამე ტალღის კანონპროექტი წარმოადგენს დიდ პროგრესს ჩვენს სასამართლო სისტემაში და ამის ხელოვნურად შეფერხება ქვეყნისთვის დანაშაულია.
ამავდროულად, პრეზიდენტის შენიშვნები (გარდა რეფორმის 15 მარტს ამოქმედებისა, რამეთუ მზადყოფნა აუცილებელია სწორი და ეფექტური ამოქმედებისთვის) მიმაჩნია, რომ გასათვალიწინებელია : მათ შორის, უვადო დაწესება მოსამართლეების საცდელ 3-წლიანი ვადის გარეშე, მოსამართლეების მათივე კოლეგებისგან არჩევა და არა იუსტიციის საბჭოს მიერ, იუსტიციის საბჭოს წევრებისთვის სხვა ფუნქციების შეთავსების აკრძალვა. ეს არავისი მოგონილი არ არის და წარმოადგენს სწორედ იმ სტანდარტებს, რომლებიც დემოკრატიულ და დამოუკიდებელ სასამართლოს ამკვიდრებს, საითკენაც სწორედ მიდის არსებული კომპლექსური რეფორმა და გუშინ მიღებული კანონიც.
ამიტომ არ მიმაჩნდა სწორი, ყოფილიყო ამ შენიშვნების ვეტოს სახით წარდგენა – ვითომდა, კანონი არ ყოფილიყოს დემოკრატიული სტანდარტების სათანადო, ვითომდა, ამ შენიშვნების ბევრად ადრე წარდგენა შეუძლებელი ყოფილიყო, ვითომდა, ამ ეტაპების გავლის შემდგომ, კანონში შეტანის საშუალებაც არ იყოს ( რეფორმა ჯერ დასრულებული არაა). სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვეტო – ვითომც, რამე საგანგაშო ხდებოდეს, და არა ჩვეულებრივი პროცესი – ატარებს პოლიტიკურ ელფერს.
პრეზიდენტი აქაც ცდილობს, თავი აჩვენოს საზოგადოებას, როგრც დემოკრატიის და ინსტიტუტების დამოუკიდებლობის დამცველი – რაც უთუოდ უნდა იყოს – ოღონდ აქ არც დემოკრატია, არც მოსამართლეების დამოუკიდებლობა ისეთ საფრთხეში არ იყო, რომ პრეზიდენტი ამ ფორმით ჩარეულიყო.
მისი ჩარევა პირიქით, ხელს უწყობს სასამართლოს მიმართ უნდობლობას და არა მის შემდგომ განვითარებას. მოკლედ, ეს არის პოლიტიკური თამაში, რომელსაც “ნაციონალები” ( კრებითი სიტყვა უფრო მოსახერხებელია) მხარს უჭერენ გასაგები მიზეზების გამო. რაც მთავარია, ეს არის ის პოლიტიკოსობა სახელმწიფო მიდგომის ნაცვლად, რომელიც თავად ასუსტებს პრეზიდენტის ინსტიტუტს. მარტში კი წარდგება პრეზიდენტი პარლამენტის წინ და განგაშის ზარს შემოჰკრავს ამ ინსტიტუტის გადასარჩენად, იგივე ითქმის მის ჩარევაზე “საზმაუს” საქმეებში, როცა ჯერ ამას არაფერი მოითხოვს და ტყუილად, აქაც “ნაცების” აჟიოტაჟს უბამს მხარს. როგორც მომხრე პრეზიდენტის ინსტიტუტის შენარჩუნებისა, ვფიქრობ, ამ გაპოლიტიზირებული ქმედებებით, პრეზიდენტი საკუთარი თავის პირველი მტერია“,-აღნიშნავს ზურაბიშვილი.