კომპანია „ფრესკო“ ყოფილი თანამშრომლების ღია წერილს აბსურდულს უწოდებს

კომპანია „ფრესკოს“ იმ თანამშრომელთა მიმართ, რომლებიც ხელშეკრულების პირობებსა და კომპანიის შიდა განაწესს დაარღვევენ, სანქციები მოქმედებს, – ამის შესახებ „კვირას“ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, მარიამ აფრიდონიძემ განუცხადა.
იგი „ფრესკოს“ წინააღმდეგ სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ კომპანიის მიმართ გამოთქმული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთანავე, იგი ამბობს, რომ „ფრესკოს“ ნებისმიერი თანამშრომელზე, რომელიც კომპანიის შიდა განაწესს არღვევს, მასზე ფულადი სანქციები მოქმედებს. მარიამ აფრიდონიძის ინფორმაციით, თანამშრომლებს, რომლებიც ხელშეკრულების პირობებს არღვევენ, ჯარიმა ეკისრებათ და ხელფასიდან გარკვეული რაოდენობის თანხა ექვითებათ, განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კი ისინი სამსახურიდან თავისუფლდებიან, რაც ყველა კერძო კომპანიაში ხდება.
„არც კი ვიცით, ამ წერილის ავტორი არის თუ არა ჩვენი ყოფილი თანამშრომელი სინამდვილეში. ბრალდებებს რაც შეეხება, არცერთი არ შეესაბამება სიმართლეს. თითოეული თანამშრომელი, რომელიც გათავისუფლებულია კომპანიიდან, სამსახურს იმის გამო ტოვებენ , რომ არღვევდნენ კომპანიის შიდა განაწესს და იმ პირობებს, რასაც ხელშეკრულება გულისხმობს. გათავისუფლებულ პირებს ჰქონდათ დისციპლინური დარღვევები, რაც გამოიხატებოდა შემდეგში: ისინი აგვიანებდნენ სამსახურში, არ ექცეოდნენ მომხმარებლებს სათანადოდ, უყურადღებობის გამო, ხშირად მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავდათ. შესაბამისად, ისინი დაჯარიმდნენ და ხელფასი დაექვითათ. ამოქმედდა მათ მიმართ სანქციები, ზოგიერთი სამსახურიდანაც დაითხოვეს. თუმცა, მათ სამსახურიდან დათხოვნას კომპანიის მუშაობისთვის ხელი არ შეუშლია.
ჩვენთან 1000-მდე პირია დასაქმებული და 6-წლიანი მუშაობის პერიოდში, სამსახურიდან რამდენიმე ათეული თანამშრომელია გათავისუფლებული. 6 წლის მუშაობის პერიოდში, თანამშრომელი, რომელიც არღვევს შიდა განაწესს, თავდაპირველად, ჯარიმდება, განმეორებითი შემთხვევის შემდეგ კი სამსახურიდან თავისუფლდება. ისეთებიც იყვნენ, რომლებიც სისტემატურად აცდენდნენ სამსახურს. ასეთ შემთხვევაში, როგორც სხვა კომპანიის ხელმძღვანელი მოიქცეოდა, ჩვენც შესაბამისად, გაგვითავისუფლებია სამსახურიდან ასეთი თანამშრომელი.
კომპანიაში გვაქვს სხვადასხვა სამუშაო გრაფიკი, შესაბამისად, შრომითი ანაზღაურებაც ხელშეკრულების პირობებში არის გათვალისწინებული“, – აცხადებს მარიამ აფრიდონიძე.
მისივე თქმით, კომპანიაში წახალისების მექანიზმიც მოქმედებს.
„2017 წლის იანვარის ბოლოს, ჩვენმა თანამშრომლებმა ხელფასი სრულყოფილად აიღეს, რადგან მათ პირნათლად შეასრულეს თავიანთი უფლება-მოვალეობები და ზოგიერთმა მათგანმა პრემიაც დაიმსახურა“, – აღნიშნა აფრიდინიძემ.
შეგახსენებთ, რომ სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ ყოფილი თანამშრომლები ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შრომის კოდექსის პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ და მათ წინააღმდეგ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ფრესკოს“ თანამშრომლებს გაუსაძლის პირობებში უწევთ მუშაობა. ყოფილი თანამშრომლები “ფრესკოში” არსებულ სამუშაო პირობებს “თანამედროვე მონობის” გამოვლინებას ადარებენ.
„ფრესკოს“ ყოფილი თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადების საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი კომპანიას ამოწმებს. დეპარტამენტის წარმომადგენლები სუპერმარკეტების ქსელ ”ფრესკოს” იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლოატაციის ნაწილს დღეიდან ამოწმებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები