ნიკოლოზ მჟავანაძე: მამუკა ახვლედიანის ქმედებებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება

,,უფლებადამცველთა გაერთიანების“’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დაწყების მოთხოვნით, პროკურატურაში განცხადება შეიტანა. როგორც მჟავანაძე აღნიშნავს, ახვლედიანი „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ჯდომის ნაცვლად, მერაბიშვილისა და ახალაიას გვერდით უნდა იჯდეს.
,,ჩვენ მიერ მოძიებულ იქნა ოფიციალური დოკუმენტები საჯარო რეესტრიდან, რომლებიც ასაბუთებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის (საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე 2012-2016) მიერ არადეკლარირებული ქონების არსებობას და მის სავარაუდოდ კორუფციულ სქემაში მონაწილეობას. კერძოდ, როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერებით ირკვევა, მამუკა ახვლედიანის ოჯახის სახელზე მილიონებად შეფასებული უძრავი ქონება ირიცხება. საუბარია თბილისში პოლიტკოვსკაიას N3-ში მდებარე 3079 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე დამაგრებულ შენობა-ნაგებობაზე. იქ განთავსებულია თბილისში ცნობილი სკოლა „ოლიმპი“. ქონება შპს „ოლიმპი თბილისი+“-ის საკუთრებაა.
საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ კომპანიის 66%-იანი წილი 2016 წლის 29 ნოემბერს მამუკა ახვლედიანმა შეიძინა, რაშიც 800 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა. 2 დეკემბერს, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, 50-პროცენტიანი წილი მეუღლეს, ქეთევან აბესაძეს, 16-პროცენტიანი წილი კი ქალიშვილს, ნინი ახვლედიანს გადაუფორმა. 34-პროცენტიანი წილის მესაკუთრედ კი მამუკა ახვლედიანის სიძე, ნინი ახვლედიანის ქმარი – მანუჩარ გუგეშაშვილია მითითებული. ეს უკანასკნელი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მამუკა გუგეშაშვილის ვაჟია.
მას შემდეგ, რაც მამუკა ახვლედიანმა შეიძინა და საკუთარი ოჯახის წევრებზე გადაანაწილა შპს „ოლიმპი თბილისის“ წილები, კომპანიის ქონება „პროკრედიტ ბანკში“ დაგირავდა. ნიშანდობლივია, რომ აქციების შესყიდვა მოხდა 29 ნოემბერს, საბანკო დაწესებულებიდან სესხის აღება კი მოგვიანებით, თითქმის წლის ბოლოს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია, როგორ შეძლო 800 ათასი დოლარის მობილიზება მამუკა ახვლედიანმა, რაც დაახლოებით მოსამართლის 50 წლის ხელფასს უდრის.
უძრავი ქონების სპეციალისტების აზრით, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილას 3079 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული გარემონტებული, ფუნქციონირებადი შენობა-ნაგებობის 66%-იანი წილი მრავალჯერ აღემატება მამუკა ახვლედიანის მიერ გადახდილ თანხას და მისი სავარაუდო ღირებულება დააახლოებით 6 მილიონ აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.
ის, რომ მამუკა ახვლედიანი გარკვეულ კორუფციულ სქემებშია გახვეული, ეს ბოლო პერიოდში გავრცელებული აუდიოჩანაწერებიდანაც ირკვევა. კერძოდ, 2016 წლის 2 ოქტომბერს “რუსთავი 2”-ის დირექტორი ნიკა გვარამია მამუკა ახვლედიანზე ამბობს : ,, გადადგეს და წამოვიდეს და მივხედავთ. პროსტა უნდა ითქვას, რაც ხდება, რა უნდა მაგის მიხედვას, სასამართლოს თავმჯდომარე რომ გადადგება და იტყვის “რუსთავი2” -ის საქმეზე… მე მივხედავ, 6 მილიონიდან მაგას მივცემ რამეს, თუ ეგრე გაქვს საქმე მაინც და აზრი არ აქვს მანდ შენს ყოფნას, ეგრე ჯობია.’’
6 თებერვალს ნიკა გვარამიასა და ზურაბ ადეიშვილს შორის გავრცელებულ აუდიოჩანაწერშიც, როცა საუბარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის ქრთამის მიცემაზეა საუბარი, ნიკა გვარამია ამბობს: ,,ახვლედიანმა მაგაზე მეტი ბევრი ფასის სამუშაო შეასრულაო’’.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის სახელი საქართველოში ძვირადღირებული ქონების შეძენის გარდა, ოფშორულ ბიზნესშიც ფიგურირებს. მოვითხოვთ, პროკურატურამ სამართლებრივი შეფასება მისცეს მამუკა ახვლედიანის ქმედებებს, მის სახელზე არსებული არადეკლარირებული ქონების არსებობას და ასევე, სხვა ქმედებებს, რომელთან დაკავშირებითაც, ასევე, იკვეთება სხვადასხვა დანაშაულებები. პროკურატურის უსუსურობაა დღეს რომ ახვლედიანი თავისუფალია. მამუკა ახვლედიანი მერაბიშვილის და ახალაიას გვერდით უნდა იჯდეს და არა „რუსთავი2“-ის ეთერში’’-განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები