კახა სოფრომაძე მოსამართლეებისადმი გაგზავნილ წერილებში რაიმე სახის ზეწოლას ვერ ხედავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კახა სოფრომაძე მოსამართლეებისადმი გაგზავნილი წერილების საკითხს ეხმაურება. სოფრომაძე წერილების შინაარსში რაიმე სახის ზეწოლას ვერ ხედავს. როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძიების დასრულებამდე კომენტარების გაკეთება სასამართლო სისტემის იმიჯს ზიანს აყენებს.
„სამი ოთხი დღე საზოგადოება იყო ბუნდოვან სიტუაციაში – ვინ ვის უწევდა ზეწოლას და რა სახით, გაუგებარი დარჩა ხალხისთვის, ყველა უნდა გაუფრთხილდეს სასამართლოს იმიჯს. ვიღაცამ აშენოს სასამართლო სისტემა და ვიღაცამ ქვა ესროლოს, ამით საქმე არ გაკეთდება. სასამართლო სისტემა სენსიტიურია, ამიტომ საზოგადოება ფრთხილად უნდა მიუდგეს ამ საკითხს.
ვიდრე არ მივიღებთ დასაბუთებულ ინფორმაციას, არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. დღეების მანძილზე გვესმოდა, რომ ხორციელდებოდა ზეწოლა მოსამართლეებზე, თუ ჩვენ კარგად წავიკითხავთ წერილის შინაარსს, ზეწოლის ნიშნებს ვერ დავინახავთ. მუქარას ან შანტაჟს ადგილი არ აქვს. სანამ სკანდალი დაიწყებოდა, ცოტა უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიეღო დაინტერესებულ მხარეებს და შემდეგ დაწყებულიყო ფაქტების გასაჯაროება.
ჩემთვის ეს უცნობი იყო, როცა ჟურნალისტებმა მკითხეს. წესით არც უნდა მცოდნოდა იმიტომ, რომ იუსტიციის საბჭო საგამოძიებო ორგანო არაა და თუ არა ზეწოლის რეალური ფაქტები არ გაგვაჩნია, თავი უნდა შევიკავოთ კომენტარებისგან. მე ვერავის ბრალს ვერ დავდებ, მაგრამ ჩემი პოზიცია ასეთია, რომ სუსტია სასამართლო სისტემის ნდობის საკითხი საზოგადოებაში, ამისთვის ყველამ უნდა იზრუნოს, რომ მივიღოთ დამოუკიდებელი სასამართლო. ფაქტია, რაც მოხდა კეთილისმსურველს არ გაუკეთებია“, – განაცხადა კახა სოფრომაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა – ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ წერილობითი შეტყობინები დავით საყვარელიძის სახელით მიიღეს, თუმცა უწყება ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, არის თუ არა ის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე. ამასთან, პროკურატურის ცნობით, მოსამართლეებმა უკრაინაში რეგისტრირებული ტელეფონის ნომრებიდან მიიღეს სმს შეტყობინებებიც, თუმცა ვის სახელზეა ისინი რეგისტრირებული, საგამოძიებო უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.