შაჰინის სახელობის სკოლის დირექტორი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს პასუხობს

შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ელგუჯა დავითაძე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის ადმინისტრაციას პასუხობს და განცხადებას ავრცელებს. ელგუჯა დავითაძე სკოლის ავტორიზაციის გაუქმების საკითხის გამო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტის ხელმძღვანელობას სიცრუეში ადანაშაულებ. „კვირა“ სკოლის დირექტორის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„შპს შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისათვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადების საპასუხოდ
შპს შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისათვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მათივე ვებგვერდზე 7 თებერვალს გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, იძულებული ვართ განვმარტოთ, რომ აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს, შეიცავს მცდარ ინფორმაციას და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. აქედან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლით, სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას.
პირველ რიგში, მადლიერებას გამოვხატავ საზოგადოების მიმართ ამ საკითხისადმი გამოჩენილი მაღალი ინტერესის გამო; შაჰინის სახ. სკოლა-ლიცეუმი ფუნქციონირებს 1994 წლიდან და დღემდე მისი საქმიანობა მაღალ დონეზე არის შეფასებული მოსწავლეების, მშობლების, კურსდამთავრებულებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.
სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქულენოვანი სექტორი არ ფუნქციონირებდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოგახსენებთ, რომ სკოლა-ლიცეუმი 2015 წლის 4 სექტემბრამდე მოქმედებდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თურქულენოვანი კლასები გაიხსნა ბათუმში თურქეთის საკონსულოს თანამშრომლების მოთხოვნითა და შესაბამისი ქართული სახელმწიფო სტრუქტურების ნებართვის საფუძველზე.
2015 წელს სკოლამ მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ავტორიზაციის მაძიებლად ცნობის თაობაზე.
2015 წლის 4 სექტემბერს გაიმართა ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შაჰინის სახ. სკოლა-ლიცეუმისათვის ავტორიზაციის მინიჭების საკითხი. აღნიშნულ სხდომაზე სკოლის დირექციამ გაითვალისწინა ავტორიზაციის საბჭოს მიდგომა ტექნიკური საგნების ინგლისურ ენაზე სწავლებისა და თურქულენოვანი კლასების არსებობის მიმართ. სხდომაზე აღვნიშნეთ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა. აქედან გამომდინარე, გამოვთქვით მზადყოფნა, თურქულენოვანი სექტორის გაუქმების თაობაზე. ამის შემდეგ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით შპს შაჰინის სკოლა-ლიცეუმს მიენიჭა ავტორიზაცია 5 წლის ვადით.
ცენტრის განცხადებაში ნახსენები გეგმიური ორი მონიტორინგის ნაცვლად ჩატარდა 3 მონიტორინგი. პირველი მონიტორინგის შედეგები განხილულ იქნა 2015 წლის 25 დეკემბერს. ავტორიზაციის საბჭოს სხდომის N 10 ოქმში აღნიშნულია, რომ 2015 წლის 5 ოქტომბერს სკოლის დირექტორმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც სექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით ეტაპობრივად უნდა შესრულებულიყო შემდეგი პროცედურები: 2015 წლის ოქტომბრის ბოლომდე უნდა განხორციელებულიყო მოსწავლეთა მართვის საინფორმაციო სისტემაში თურქულ სექტორზე რეგისტრირებული მოსწავლეების გადაყვანა ქართულ სექტორზე შექმნილ პარალელურ კლასებში. ამავე ბრძანების მიხედვით, გაძლიერდებოდა ქართული ენის სწავლება, მშობლებს მიეწოდებოდათ შესაბამისი ინფორმაცია და 2016-2017 სასწავლო წლისათვის სწავლის მსურველ არაქართულენოვან მოსწავლეთა კონტიგენტის ჩარიცხვა უნდა განხორციელებულიყო ავტომატურად, ქართულენოვან კლასებში. როგორც ზემოთქმული ცხადყოფს, ეს პროცესი მიმდინარეობდა აბსოლუტურად გამჭვირვალედ. უნდა აღინიშნოს, რომ სკოლამ განახორციელა ვადების დაცვით განახორციელა ყველა ის მოქმედება, რაც აღნიშნული ბრძანებით ჰქონდა დავალებული ავტორიზაციის საბჭოს მიერ; კერძოდ, მოსწავლეები მოსწავლეთა საინფორმაციო სისტემაში არსებული თურქული სექტორის ბაზიდან გადაიყვანა ქართული სექტორის ბაზაში და გაზარდა ქართული ენის საათები.
აშკარაა, რომ მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაში აღნიშნული გარემოება, თითქოს სკოლამ დაარღვია „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ ბრძანება, რადგან არ მოახდინა თურქული სექტორიდან ქართულ სექტორზე გადმოყვანილი მოსწავლეების განათლების აღიარება, უსაფუძვლოა. აღნიშნული ბრძანება არ არეგულირებს მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შიგნით, ერთი კლასის დახურვის შედეგად მეორე კლასში (პარალელურ კლასში) მოსწავლის გადაყვანისას ამ მოსწავლეთა განათლების აღიარების ვალდებულებას და შესაბამისად, არც განათლების აღიარების წესს ადგენს.
საბჭოს ოქმიდანაც კარგად ჩანს, რომ თურქულენოვანი სექტორის გაუქმება ეტაპობრივად ხორციელდებოდა 2015-2016 სასწავლო წელს. ხოლო 2016-2017 სასწავლო წლისათვის დირექტორის ბრძანების საფუძველზე სკოლაში ჩამოყალიბდა ჯგუფი, რომელიც ადგენდა თურქულენოვანი კლასებიდან ქართულენოვან კლასებში გადმოსული თითოეული მოსწავლის ცოდნის შესაბამისობას ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და ქმნიდა ინდივიდუალურ სასწავლო გეგმებს. ხოლო საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოსწავლეების ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. კერძოდ, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საფუძველზე.
სიმართლეს არც ის ბრალდება შეესაბამება, რომლის მიხედვით, თითქოს მოსწავლეები ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ცხადდებოდნენ სკოლაში. გაუგებარია რა პერიოდს იგულისხმება ფრაზაში „ხანგრძლივი დროის განმავლობაში“. სიმართლე ისაა, რომ თურქულენოვანი სექტორის გაუქმების შემდეგ არ დაფიქსირებულა მოსწავლეების მიერ გაკვეთილების მასიური გაცდენების ფაქტები. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სასწავლო წლის ბოლოს არაქართულენოვან მოსწავლეთა დიდმა ნაკადმა დატოვა სკოლა და გადავიდა ბათუმში ახალგახსნილ თურქულ სკოლაში, რომელსაც საქართველოში საქმიანობის წარმართვისათვის არანარი კანონიერი საფუძველი არ გააჩნია, მათ შორის ავტორიზაცია. ახალი სასწავლო წლის დასაწყისში სკოლაში დარეგისტრირებული არაქართულენოვანი მოსწავლეებიდან მხოლოდ 5 არ ცხადდებოდა სკოლაში. სკოლის ადმინისტრაცია ამ მოსწავლების სტატუსის შესაჩერებლად ელოდებოდა კანონით გათვალისწინებულ 90 დღიან ვადას, რომელიც იწურებოდა 2017 წლის 8 თებერვალს.
განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, ცენტრის მიერ გამოქვეყნებული განცხადების ის ადგილი, სადაც მითითებულია, თითქოს სკოლა წლების განმავლობაში სარგებლობდა მოსწავლეებზე გაცემული ვაუჩერული დაფინანსებით. 2017 წლის 3 თებერვალს ცენტრში ჩატარებული ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე ჩვენც და დამსწრე საზოგადოებამაც ერთად მოვისმინეთ ცენტრის მიერ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მიწერილი წერილის პასუხი, სადაც მითითებულია, რომ ამ მოსწავლეებისათვის არანაირი ვაუჩერული დაფინანსება არ ყოფილა.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მესვეურებს, თავი დაანებონ საზოგადოებისათვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებას და დროულად აღმოფხვრან შაჰინის სახელობის სკოლის მიმართ დაშვებული კანონდარღვევები“ – ნათქვამია სკოლის დირექტორის ელგუჯა დავითაძის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციამ შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე განცხადება გაავრცელა, სადაც მიზეზები განმარტა.
„შპს შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ირგვლივ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ აღნიშნულ სკოლა-ლიცეუმს, 5 წლის ვადით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, ავტორიზაციის საბჭოს 2015 წლის 4 სექტემბრის №38 გადაწყვეტილებით მიენიჭა. სწორედ საბჭოს სხდომაზე, დაწესებულებას განემარტა, რომ სკოლას არ ჰქონდა უფლება ქართულენოვანი სექტორის პარალელურად, სწავლება განეხორციელებინა თურქულენოვან სექტორზე, რადგან თურქულენოვანი სექტორი არ ფუნქციონირებდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და სკოლას ის უნდა გაეუქმებინა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები