ევა გოცირიძის მორიგი წერილი – სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატის საკითხის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენება უნდა დასრულდეს

 

თუ ვინ იქნება სტრასბურგის სასამართლოში ქართველი მოსამართლე, ნაწილობრივ მაინც არის დამოკიდებული იმ საქმეთა ბედი, რომლებიც წარსულში სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულსა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას ეხება,  – ამის შესახებ ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ევა გოცირიძის მიერ გავრცელებულ მორგი წერილში.
წერილში,  სათაურით   „წარსული შეცდომები და ბუნდოვანი მომავალი“ გოცირიძე აღნიშნავს, რომ უნდა დასრულდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა,  სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატის საკითხის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის, მათ შორის იმ მიზნისათვის, რომ შერჩევის პროცედურა და მისი შედეგი მოემსახუროს წარსულში ჩადენილი დანაშაულის „გაპრავებას“ სტრასბურგის სასამართლოში.

“ისევ წერილობით გადავწყვიტე საზოგადოებასთან კომუნიკაცია, რათა ჩემი სატელეფონო კომენტარების ზოგჯერ უნებლიედ და უფრო ხშირად ნებსით დამახინჯების მსხვერპლი არ გავხდე. მერედა რამდენია ამის მოხარბე და მცდელი.  თანაც, ასე უფრო შევინარჩუნებ ჩემს სტილს, ჩემთვის ჩვეულ ტონალობასა  და რეგისტრს.

საზოგადოებისათვის მინდა ცხადად განვმარტო: თუ ვინ იქნება სტრასბურგის სასამართლოში ქართველი მოსამართლე, ნაწილობრივ მაინც არის დამოკიდებული იმ საქმეთა ბედი, რომლებიც წარსულში სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულსა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას ეხება.  თითოეულ საქმეზე სახელმწიფოს ბრალის სწორად განსაზღვრა, წარსულ ხელისუფლებას შეეხება იგი თუ ამჟამინდელს, იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც სიმართლის დადგენა საზოგადოდ და სამართლიანობის ზეიმი. ამიტომაა ესოდენ მნიშვნელოვანი ისეთი მოსამართლე გვყავდეს სტრასბურგში, რომელსაც არ მოერიდება  მომჩივნის მხარი დაიჭიროს იქ, სადაც მომჩივანია მართალი, და ხელისუფლებისა იქ, სადაც ქვეყანაა მართალი, როგორც ამას ფუნდამენტური სამართლიანობა მოითხოვს.  უნდა დასრულდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მავანთა მიერ სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატის საკითხის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის, მათ შორის იმ მიზნისათვის, რომ შერჩევის პროცედურა და მისი შედეგი მოემსახუროს წარსულში ჩადენილი დანაშაულის „გაპრავებას“ სტრასბურგის სასამართლოში. აი, ამ მიზანს ემსახურება მავანთა თავგანწირული ბრძოლა  სტრასბურგის მოსამართლის საკითხზე, და როგორც წინა წერილში აღვნიშნე, ეს ბრძოლა კიდევ გაგრძელდება.

ჩემი წერილის ფოკუსი ამჯერად წარსული კი არა, არამედ მომავალი უფრო იქნება, ფიქრი იმაზე, როგორ უნდა ჩატარდეს კონკურსი და როგორ უნდა შეირჩეს ყველაზე ღირსეული კანდიდატი სტრასბურგის სასამართლოში წარსაგზავნად. თუმცა, ვერც წარსულს მოვწყდები.  რადგან მხოლოდ წარსულის შეცდომების ანალიზი გვიჩვენებს, რომელია სწორი გზა და რომელი მანკიერი, რომელი რეალისტური, და რომელი ყალბი,  მხოლოდ მოჩვენებით სამართლიანობას რომ მოიტანს. არადა, როგორც პლატონი ამბობდა, ყველაზე დიდი უსამართლობა, სწორედ მოჩვენებითი სამართლიანობაა“, -აღნიშნულია გოცირიძის განცხადებაში.

ის თვლის, რომ ბევრი რამ უნდა შეიცვალოს როგორც შეფასების კრიტერიუმებში, ისე პროცედურებსა და შემფასებელი კომისიის საქმიანობის წესში.

უწინარესად, კანდიდატის შეფასების კრიტერიუმები უნდა განისაზღვროს იმ პრიორიტეტების მიხედვით, რომლებსაც თავად ევროპის საბჭო ადგენს და რომლებიც გამოკვეთილია მის მიერ შემუშავებულ  „კურკულუმვიტესფორმულარში, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ავსებენ. ესენია:

კანდიდატის აკადემიური და სხვა კვალიფიკაცია, მისი საერთო პროფესიული და სხვა საქმიანობა თუ გამოცდილება; უშუალოდ სასამართლო სისტემაში საქმიანობის გამოცდილება და მისი ხანგრძლივობა;   ადამიანის უფლებათა სფეროში  და უშუალოდ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამართალში თეორიული და პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების ხარისხი;  კანდიდატის პოლიტიკური ნეიტრალურობა და მიუკერძოებლობა.    ევროპის საბჭოს მეორე ოფიციალური ენის ცოდნა.  თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭოს, მას, ვინც ორივე ოფიციალურ ენას ფლობს ან მეორე ენის საბაზისო ცოდნა მაინც გააჩნია. ეს მიდგომა დიდი ხანია, რაც ევროსაბჭომ დაამკვიდრა და ჩვენც ვალდებულნი ვართ მას მივყვეთ;  სამეცნიერო და სხვა პუბლიკაციები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა საკითხებზე. დამატებით, საკუთრივ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებიდან და დამკვიდრებული მიდგომებიდან გამომდინარე, ამას  უნდა დაემატოს  კიდევ მორალური კრიტერიუმის მიხედვით შეფასება, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს კანდიდატის პრინციპულობა, კეთილსინდისიერება, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დარღვევებისადმი შეუგუებლობა, რაც მისი ცხოვრებისეული ნაბიჯებით უნდა იყოს დადასტურებული და არა მათი მხარდამჭერების უსაფუძვლო დეკლარაციებით;

თითოეული  ამ კრიტერიუმით შეფასება  ცალკე ქულით უნდა მოხდეს  და შედეგები დაჯამდეს.  მხოლოდ ასეთი შემაჯამებელი ქულა იქნება სტრასბურგის მოსამართლის თანამდებობასთან ამა თუ იმ კანდიდატის შესაფერისობის ხარისხის რეალურად მაჩვენებელი“ ,- აცხადებს გოცირიძე.

რაც შეეხება შემფასებელ კომისიას, მისი შეფასებით,  აქ უფრო რთულადაა საქმე. უწინარესად სწორედ კომისიის წევრები უნდა იყვნენ მაღალკომპეტენტურები და მიუკერძოებლები.

„იქ, სადაც ცოდნის შემოწმება ხდება, აშკარაა, რომ შემფასებლები თავიანთი პროფესიული კვალიფიკაციითა და გამოცდილებით თუ არ აღემატებიან, არ უნდა ჩამოუვარდებოდნენ მაინც შესაფასებლებს. მეტად უხერხულია ნაკლების მცოდნე გაცილებით მეტად მცოდნეს უფასებდეს ცოდნის დონეს. მიმაჩნია, რომ კანდიდატის ცოდნის შემფასებელი კომისიის წევრი სამართლის დოქტორი ან აღიარებული სამართალმცოდნე უნდა იყოს, სასურველია, ადამიანის უფლებათა სამართალში. თუ კომისიის ყველა წევრი ასეთი ვერ იქნება, მაშინ იქნებ ცალკე აკადემიური საბჭო ჩამოყალიბდეს, რომელიც კანდიდატის მხოლოდ ცოდნის შეფასებას მოახდენს.

კიდევ უფრო რთულია კომისიის წევრთა მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. არც მჯერა, რომ ეს ოდესმე სრულად იქნება შესაძლებელი. წინა კონკურსმა აჩვენა ერთი და იმავე კანდიდატის რადიკალურად განსხვავებული – მინიმალური და მაქსიმალური შეფასებები კომისიის წევრთა მხრიდან.  ვისი შეფასებები იყო სამართლიანი, ვინ იყო მიკერძოებული და ვინ არა – არ ჩანს ამის  გამკითხავი. კომისიის ზოგიერთი წევრი ისე შორს წავიდა, რომ, მეტი რომ არა ვთქვათ, უცნაური პრეტენზიები წამოაყენა კომისიის სხვა წევრების მიმართ – როგორ გაბედეთ და მაქსიმალური ქულით შეაფასეთ ის, ვისაც ჩვენ 0 ქულა დავუწერეთო, ან დაბალი შეფასება მიეცით იმას, ვინც ჩვენ აგრე რიგად მოგვწონსო. ამას ჰქვია სწორედ მონოპოლია ჭეშმარიტებაზე. ერთი ასეთი ჭეშმარიტების მოღაღადე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეც არის, რომელიც, ვიკილიქსის ახალი ინფორმაციის თანახმად, თვით სააკაშვილის ჯგუფის მიერ ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენად განიხილება სასამართლო დავებთან დაკავშირებით ხმაურის ატეხვის დარგში.

მე თავად გავხდი უსამართლო შეფასების მსხვერპლი ზოგიერთის მხრიდან, მაგრამ არაუშავს,  თავს იმით ვინუგეშებ, რომ ეს პატიოსანი შემფასებლების  აბსოლუტური  თავისუფლების გამოვლინებაა. საერთოდ, აბსოლუტური თავისუფლება მხოლოდ ორი კატეგორიის ადამიანებისათვის არის ხელმისაწვდომი – შეურაცხადებისათვის, რომლებიც თავიანთი ქცევის შეზღუდვის ნებელობითი პოტენციალი არ გააჩნიათ, და აბსოლუტური უსინდისოებისათვის, რომლებიც მორალის ნორმებით არ არიან შეზღუდულნი და არც ღირსება გააჩნიათ, რადგან როგორც შოპენჰაუერი იტყოდა, სინდისი სწორედ ადამიანის შინაგანი ღირსების მაჩვენებელია. სენეკაც მახსენედება და მისი ნათქვამი: რასაც არ კრძალავს კანონი, მას კრძალავს წესიერება.

გამოითქვა მოსაზრება, რომ კომისიის წევრებმა თავიანთი ქულა უნდა დაასაბუთონ. კი, მისაღებია ეს აზრი. ნეტავ ეს წინა კონკურსის დროსაც ყოფილიყო წესად მიღებული. მაშინ კი გამოჩნდებოდა  ზოგიერთი შემფასებლის  გაჭირვება და სიღატაკე.

როგორ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ შემფასებლებმა სამართლიანი შეფასებები განახორციელონ და შემდეგ მათი შეფასებებიც ყველას მხრიდან ობიექტურად იქნეს აღქმული? ამაზე პასუხი არა მაქვს და ვერც მექნება, რადგან ეს ისევ იმ „წყეული“ სინდისის საკითხია, რომელიც ან გვაქვს და ან არა, და თუ არა გვაქვს, ვერაფერი გვიშველის. ამაზე ფიქრი ისეთ ჩიხში შეგვიყვანს, რომ უკან დასაბრუნებელი გზაც რთული მოსაძებნი გახდება; ამიტომ დავინდობ მკითხველს.

ერთადერთი ყველაზე მჭრელი საშუალება აქ ის იქნება, რომ კანდიდატებთან გასაუბრების ჩანაწერი ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს, ანდა პირდაპირ ეთერში გადაიცეს, რათა ყველამ ნათლად დაინახოს ვის ეკუთვნის 0 ქულა და ვის 5, და, შესაბამისად, ისიც, რომელი კომისიის წევრია უპატიოსნო და მიკერძოებული, და რომელი არა.

კიდევ ორი წინადადება, რომელიც  შიდა პროცედურებთან დაკავშირებით მინდა მთავრობას შევთავაზო:

კარგი იქნება, თუ შიდა პროცედურული წესები და კრიტერიუმები ჯერ ევროპულ მონიტორინგს გაივლის და წინასწარ გვექნება დასტური ამ კრიტერიუმებისა და პროცედურული წესების ადკვატურობაზე. და მეორე,  ასევე კარგი იქნება, თუ კანდიდატებთან გასაუბრებას დაესწრება საკუთრივ ევროსაბჭოს წარმომადგენელი, მათ შორის, საკუთრივ კანდიდატთა შერჩევა-შეფასების იმ კომიტეტის წარმომადგენელი, რომელიც შემდგომ, შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებას ატარებს პარიზში. ეს აგვაცდენდა სპეკულაციების ნიაღვარს და ამ კომიტეტის წევრებსაც დაზოგავდა იმისაგან, შორიდან გარკვეულიყვნენ ქართული ტყუილ – მართალის ლაბირინთებში.

მაინც, თუ სწორი პასუხი გნებავთ, იმას ვიტყოდი, რომ გამოსავალს ყველა ამ რთული დილემიდან სამართლებრივი და პოლიტიკური კულტურის ამაღლებაში და, რაოდენ მიამიტურადაც არ უნდა ჟღერდეს, სამშობლოს სიყვარულში ვხედავ, პროფესიულ თავმოყვარეობაში, და ე.წ. „სამოქალაქო ღირსებაში“, ასე რომ გვაკლია თითოეულ ჩვენთაგანს საქმის კეთებისას, ჩვენი სამსახურეობრივი თუ მოქალაქეობრივი მოვალეობების შესრულებისას, რადგან სამართლიანობა სწორედ მოვალეობათა ნაყოფია, თორემ  ისე, ყველანი ხომ ერთმანეთზე უკეთესები ვართ. ვფიქრობ, არც ევროპულ ინსტიტუციებში კანდიდატების შეფასების წესები და პროცედურებია უნაკლო.

საკითხავია, რამდენად გამართლებულია კანდიდატთა შერჩევა-შეფასების კომიტეტში მხოლოდ საპარლამენტო ასამბლეის  დეპუტატების მონაწილეობა. ისინი ხომ ყველანი პოლიტიკოსები არიან, და განათლებით იურისტებიც რომ იყვნენ, მაინც პოლიტიკური კრიტერიუმებით აზროვნებენ და ოპერირებენ; ვერც პარტიული მიკერძოებისაგან იქნებიან ბოლომდე თავისუფალი.  რთულია იმის გამორიცხვა, რომ  კომიტეტის წევრები ბუნებრივად არ თანაუგრძნობენ ეროვნულ სახელმწიფოებში თავიანთი მეგობარი პარტიების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს. მართალია,  ევროპელებში გაცილებით მეტია მოვალეობათა შეგნება და პასუხისმგებლობა, ვიდრე  ჩვენში, მაგრამ ამის იმედად ყოფნა სწორი არ იქნებოდა.  ჩემი აზრით, აღნიშნულ კომიტეტში აუცილებლად უნდა იქნენ ჩართული საკუთრივ სტრასბურგის სასამართლოს წარმომადგენლები, ცხადია,  უწინარესად, მოსამართლეები, რომლებიც თავისუფალი არიან პოლიტიკური მიკერძოებისაგან და ყველაზე მეტად არიან დაინტერესებული  საუკეთესო კანდიდატურის შერჩევაში და საუკეთესო კოლეგის შეძენაში. ყოველი სასამართლო პროფესიული  ნიშნით ყალიბდება და არა პოლიტიკური პრეფერენციების საფუძველზე.

ამის გარდა, უნდა აიკრძალოს „პასკვილების“ ტიპის წერილების მიღება და გათვალისწინება ამ კომიტეტში, მეტადრე, დაინტერესებულ პირთა ღია თუ ფარული შეხვედრები ამ კომიტეტის წევრებთან, მათთვის ყურში ჩაჩურჩულება ათასგვარი ცილისწამებისა, და კიდევ უამრავი ხრიკისა და პროვოკაციის გამოყენება მათი მოტყუებისა თუ შეცდომაში შეყვანის მიზნით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი დაშვებული იქნება კანდიდატების წინააღმდეგ ცალკეული პირებისა თუ ჯგუფების წერილების მიღება და განხილვა ხსენებულ კომიტეტში, მაშინ ეს უნდა ხდებოდეს ღიად, კანდიდატისათვის ამის წინასწარ შეტყობინებით და მისთვის შესაძლებლობის მიცემით, პასუხი გასცეს მის წინააღმდეგ გამოთქმულ თითოეულ პრეტენზიას. ეს სამართლიანობის დაცვის სრულიად ელემენტარული მოთხოვნაა და დამკვიდრებულია ყოველგვარ პროცედურებში, რომელიც ადამიანის ბედისა და უფლებების განსაზღვრას უკავშირდება. კი, გამჭვირვალეობისა და სამართლიანობის მოთხოვნა უფრო მეტი ხარისხითაც კი ეხება ევროპულ პროცედურებს, ვიდრე ეროვნულს.  ამ სამდურავითა და შესაბამისი წინადადებებით აუცილებლად მივმართავ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს. და ბოლოს სათქმელი:  ვერ ვიტყვი, რომ თავდაჯერებული ოპტიმისტი ვარ, მაგრამ მუდამ მჯეროდა კანონზომიერებისა და სამართლიანობის. მჯერა ერთი გერმანული ანდაზისა, რომ ყველაფერი წარმავალია, გარდა სიმართლისა.
P.S.  ჟურნალისტებს ვთხოვ, ნუ მოინდომებენ ჩემგან სატელეფონო კომენტარის მიღებას ამ წერილთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია ევა გოცირიძის განცხადებაში.


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები