ლაშა ნაცვლიშვილი ბრალდებებს პასუხობს: არ ვაპირებ ამ ბოდვას ავყვე

მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის დავით საყვარელიძისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება და მათ განცხადებებს ბოდვას უწოდებს.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მან „ნაციონალური მოძრაობა“ ამხილა და სწორედ ამიტომ გამოითქვა მისი მისამართით გარკვეული სახის ბრალდებები. ნაცვლიშვილი თვლის, რომ დავით საყვარელიძე სისიხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცათ, რომ არა დეპუტატის მანდატი.
„სიგიჟის კომენტირება არის სიგიჟეში შესვლა და არანაირად არ ვაპირებ ამ ბოდვას ავყვე.
რა ჩანაწერი, კარგით რა. ეს არის მათი ისტერიული ქმედება მხილებაზე. სწორად მოხვდა მიზანში, ვიცოდი რას ვაკეთებდი. დიახ, დავით საყვარელიძე, რომლის სეიფში იდო წლების განმავლობაში სისხლის სამართლის საქმეები, ის უნდა ყოფილიყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რომ არ ყოფილიყო ამოფარებული დეპუტატის მანდატს. სიბრალულის გარდა არაფერი ემოცია არ დამჩენია მეორე სუბიექტზე და საერთოდ კომიკური პიროვნებაა.
მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ახდენენ უპრეცედენტო ზეწოლას სასამართლო ხელისუფლებაზე და ცდილობენ მოისყიდონ მოსამართლეები. ვისაც ვერ ყიდულობენ, მასზე მორალურ ზეწოლას ახდენენ“, – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, გადაცემა „არჩევანში“ დავით საყვარელიძემ და ნიკა გვარამიამ განაცახდეს, რომ ლაშა ნაცვლიშვილი მათთვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერების მიყიდვას ცდილობდა, თუმცა უსახსრობის გამო გარიგება ვერ შედგა. გვარამიას მტკიცებით, ფარულ ჩანაწერებს, სადაც ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ფიგურირებს, ერევანში, მეგობართან ინახავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები