კახა სოფრომაძე: სასამართლო სისტემაში რეფორმები ბოლომდე უნდა მივიდეს

პარლამენტი დღეს განიხილავს მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის საკითხს, სადაც ვფიქრობ, უნდა გავითვალისწინოთ პრეზიდენტის შენიშვნებიც, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა კახა სოფრომაძემ განაცხადა.
როგორც სოფრომაძემ აღნიშნა, სასამართლო სისტემაში რეფორმა მესამე ტალღის დახვეწით არ უნდა დასრულდეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი თვლის, რომ პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო უნდა დაძლიოს, თუმცა ის იმ საკითხებზეც ამახვილებს ყურადღებას, რაც პრეზიდენტის შენიშვნებშია მითითებული.
„პარლამენტი დღეს განიხილავს მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის საკითხს, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, პარლამენტი ცდილობს ეს ვეტო დაძლიოს, მე ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა კანონი სწრაფად შესულიყო ძალაში. საჭიროა, რეფორმები ბოლომდე მივიდეს. ჩემთვის ცნობილია ის მოტივირებული შენიშვნები, რაც პრეზიდენტმა წამოაყენა, თუმცა, უმჯობესი იქნებოდა კანონი სწრაფად ყოფილიყო შესული ძალაში და დაწყებულიყო მესამე ტალღის რეფორმის რეალური ამოქმედება, რადგან ველოდებით მოსამართლეთა კონკურსის გამოცხადებას და ეს ყველაფერი გვაფერხებს.
შენიშვნებში ბევრი რამ საყურადღებოა და სასამართლო რეფორმა არ უნდა დასრულდეს მესამე ტალღით, ამიტომ შესაძლებელია გავითვალისწინოთ პრეზიდენტის მიერ ინიცირებული საკითხები, რათა სრულყოფილი გახდეს სასამართლო რეფორმა”, – განაცხადა კახა სოფრომაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები