ალექსანდრე ჯეჯელავა: არის სკოლები, როცა ანგარიშზე აქვთ 5000 ლარი და საპირფარეშოს არ აქვს კარი

 განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლებში არსებულ ჰიგიენურ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არსებობს საქმეები, როდესაც სკოლას ანგარიშზე აქვს 5000 ლარი და საპირფარეშოს არ აქვს კარი. როგორც ჯეჯელავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არის შემთხვევები, როდესაც საპირფარეშო არ არის დასუფთავებული, რადგან ამბობენ, რომ მილებია გამოსაცვლელი.
ჯეჯელავას ინფორმაციით, სკოლებში ჰიგიენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ორმა დირექტორმა საყვედური მიიღო, თუმცა მინისტრს მათი ვინაობა არ დაუკონკრეტებია.
”ეს არის ისეთი პრიმიტიული, ევროპაში კი არა, ოჯახში არ ვიქნებით შესაშვები, ჩვენ თუ წესრიგი და სისუფთავე არ გვექნა ისეთი, როგორიც საჭიროა. რაც შეუძლებელია, გარწმუნებთ არავის ვთხოვთ. შემთხვევების 90%-ში აღმოჩნდება, რომ უფრო კარგად შეიძლება, ვიდრე მანამდე იყო”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. მისი განცხადებით, სკოლის დამლაგებლების ხელფასი არ არის უფრო დაბალი, ვიდრე სხვა დამლაგებლების ხელფასია და ეს დაახლოებით 150 ლარის ფარგლებშია.
”ნამდვილად ძალიან დაბალი ხელფასია, უფრო მაღალი რომ იყოს, ჩვენ ძალიან გვინდა და ამ მიმართულებით აუცილებლად წავალთ. მეორე მხრივ, ძალიან ხშირ შემთხვევაში, ადამიანები ყველა სამსახურში ამართლებენ თავიანთ ”არამაქსიმალურ თავდადებას არა შესაფერისი ანაზღაურებით”. თუ ჩემი თანამშრომელი ამბობს, რომ არ უღირს ამ ხელფასზე მუშაობა, მე ვეუბნები, მაშინ გაატარე, ვისაც უღირს. სოფლებში ხშირად ის 150-ლარიანი ხელფასი ძალიან სერიოზული შემოსავალი შეიძლება იყოს ოჯახისთვის, რომელიც თვითკმარია სხვადასხვა მიმართულებით. ხელფასი გაიზრდება, ოღონდ ვინც თვლის, რომ 150 ლარად არ უნდა გააკეთოს თავისი საქმე, იმათთან ვერ ვიმეგობრებთ, ნამდვილად”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები