ლევან მურუსიძე ნატა ნაზღაიძის ირგვლივ გამოთქმულ ბრალდებებს ცილისწამებას უწოდებს

 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ირგვლივ გამოთქმულ ბრალდებებს ცილისწამებას უწოდებს და ირწმუნება, რომ არც ნატა ნაზღაიძეს და არც მის ძმას ერთი თეთრიც არ აუღიათ.
„ბოლო დღეების განმავლობაში, მიდის ცილისწამება, რომ კონკრეტულმა მოსამართლემ ნატა ნაზღაიძემ აიღო მილიონი ლარი, რათა განეხილა ერთ-ერთი საქმე. ეს არის აბსოლუტური ცილისწამება, ეს არის სასამართლო სისტემისთვის და კონკრეტული მოსამართლისთვის ტალახის სროლისა და დისკრედიტაციის მცდელობა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ დაუშვებს ულტიმატუმებს, რომ შეაჩეროს ამა თუ იმ მოსამართლის საქმიანობა.

მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბატონ პრეზიდენტს და ყველას, ვინც დაინტერესებულია სასამართლო სისტემით, რომ შეფასება მისცენ აღნიშნულ ფაქტს, თუ რამდენად მორალურია და რამდენად ჯდება კანონის ფარგლებში, რომ მოსამართლის მიმართ გამოითქვას ისეთი ბრალდებები, როგორიც არის ქრთამის აღება იმ დროს, როდესაც ეს არ არის დადასტურებული. ვესაუბრე ნატა ნაზღაიძესაც, დავინტერესდი ამით, გავეცანი დოკუმენტებსაც. ჩემი მოსაზრებით, ნატა ნაზღაიძე საერთოდ არაფერ შუაშია, არც მას და არც მის ძმას ერთი თეთრიც არ აუღიათ. თუ იქნება საუბარი ულტიმატუმების ენით, ეს დარჩება მხოლოდ გულის მოოხებად“, – განაცხადა მურუსიძემ.
ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოში, ”რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარის, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს თბილისის მერიამ სახელმწიფოს კუთვნილი 1 მილიონი ლარის ქონება გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები