სოფო კილაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, „რუსთავი 2“-ის საქმე ისე განვითარდეს, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს
„ არ გამიკვირდება, თუ გამოძიების კვალი დადასტურებულად მივა „ნაციონალურ მოძრაობამდე“ და მის ზოგიერთ წარმომადგენლამდე“, – ასე აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
სოფო კილაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ისე განვითარდეს მოვლენები, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა“.
„საერთოდ არ მიკვირს, რადგან ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა. ვიცით, რომ უამრავი ადამიანი იყო შანტაჟის, ზეწოლის მსხვერპლი, აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ გამიკვირდება, თუ გამოძიების კვალი დადასტურებულად მივა „ნაციონალურ მოძრაობამდე“ და მის ზოგიერთ წარმომადგენლამდე. ამიტომ მე მგონი, გასაკვირი არაფერია, თუმცა უდანაშაულობის პრეზუმფციას არ დავარღვევთ, ვინაიდან ეს იმ ორგანოების გამოსაძიებელია, რომლებიც კანონის საფუძველზე, უფლებამოსილნი არიან. თუმცა, ნამდვილად არ მიკვირს და მე მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს ზეწოლას და ცდილობს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ისე განვითარდეს მოვლენები, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
დეპუტატის თქმით, შეტევა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხორციელდება და ეს არის არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, არამედ მათი ხელწერა. სოფო კილაძის მტკიცებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, მაღალი სტანდარტი აჩვენოს.
პროკურატურის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა – ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ წერილობითი შეტყობინება დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს, თუმცა უწყება ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, არის თუ არა ის ნამდვილად მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე. ამასთან, პროკურატურის ცნობით, მოსამართლეებმა უკრაინაში რეგისტრირებული ტელეფონის ნომრებიდან მიიღეს სმს შეტყობინებებიც, თუმცა ვის სახელზეა ისინი რეგისტრირებული, ამაზე საგამოძიებო უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.