იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ „საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს ორგანული კანონის პროექტსა და თანმდევ კანონპროექტებზე იმსჯელა და მხარი არ დაუჭირა.
პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტებს მხარი მხოლოდ კომიტეტის ერთმა წევრმა, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებიდან” და ერთმა წევრმა საპარლამენტო უმცირესობიდან დაუჭირა.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ წარმოადგინა, რომლის განცხადებითაც, შენიშვნები იყოფა სამ ნაწილად.
„შენიშვნათა ერთი ჯგუფი ეხება სასამართლო სისტემის დეცენტრალიზაციას და მოსამართლეებისათვის მეტი ავტონომიის მინიჭებას. შენიშვნების მეორე ჯგუფი ეხება მოსამართლეთა დაცულობისა და დამოუკიდებლობის გაზრდას, შენიშვნების მესამე ჯგუფი კი შედარებით ტექნიკური ხასიათისაა. გთავაზობთ ცვლილებებს, რომლებიც უფრო დახვეწავს ჩვენი მართლმსაჯულების სისტემას”, – აღნიშნა ანა დოლიძემ.
წარმოდგენილი შენიშვნების მიხედვით, რაიონული (საქალაქო) სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეები ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიონ კვლავინდებურად თავად ამ სასამართლოს მოსამართლეებმა და ისინი არ უნდა დანიშნოს იუსტიციის საბჭომ;
ერთი და იგივე პირს არ უნდა ჰქონდეს საშუალება, იყოს სასამართლოს თავმჯდომარე და ამავე დროს, პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარე; უნდა გაუქმდეს სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გამოყენება და მოსამართლეები უვადოდ დაინიშნონ;
კანონით დაზუსტდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობა და მინიმალური რაოდენობის განსაზღვრასთან ერთად, კანონით განისაზღვროს მოსამართლეთა მაქსიმალური რაოდენობა.
შენიშვნები შეეხებოდა ასევე, მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევას და სხვა საკითხებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ სხდომის მონაწილეებს აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტზე ვენეციის კომისიის შეფასება შეახსენა.
„ ცვლილებებზე მსჯელობის დროს, კომისიამ დასკვნაში ჩაწერა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები მიმართულია მართლმსაჯულების შიდა დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის ცალკეული ასპექტების გაუმჯობესებისკენ. ვენეციის კომისია და დირექტორატი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მისწრაფებას აღნიშნული მიზნის მისაღწევად. ამავე დასკვანაში მითითებულია ასევე, რომ ცვლილებები უნდა შეფასდეს პოზიტიურად. არის ცალკეული საკითხები, რომლებზედაც, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ და რომელიც შეიძლება, იყოს განსხვავებული ინტერპრეტაციის საკითხი”,-განაცხადა ეკა ბესელიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს მომხსენებელთან რამდენიმე შეკითხვა ჰქონდა, მათ შორის, იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეების არჩევის საკითხთან დაკავშირებით.
„თუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანონით დელეგირებული აქვს უფლება, დააკომპლექტოს საქართველოს საერთო სასამართლოების ორივე ინსტანცია, რა ლოგიკით არ ვენდობით იუსტიციის საბჭოს, რომ დანიშნოს იმავე მოსამართლეთაგან, ვინ იქნება მენეჯერის ფუნქციის მატარებლი კოლეგიის თავმჯდომარე”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნმა, ანა დოლიძემ კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა, რის შემდეგაც, კომიტეტის ცალკეულმა დეპუტატებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ „საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს ორგანული კანონის პროექტსა და თანმდევ კანონპროექტებზე პარლამენტი პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები