დავით საყვარელიძე პროკურატურის განცხადებას ეხმაურება

უკრაინის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე საგამოძიებო უწყების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მტკიცებულებებს „კომიკურს“ უწოდებს.
„კომიკურია და ტრაგიკულში გადავიდა ეს ყველაფერი. ძალიან გული მწყდება, რომ სიმწრით ნაშენები ქვეყანა და ინსტიტუტები პრიმიტიული, გონებაშეზღუდული და ბოროტი ადამიანების ხელში აღმოჩნდა. ერთი უზუსტობა დაუშვა პროკურორმა, თავიდან მშვილდ-ისრით ვაპირებდი წერილის ტყორცნას, შემდეგ მტრედებს გავატანე, მალე რომ მიეტანათ, ესეც უნდა დაემატებინათ და სრული სურათი დაიხატებოდა,“- აღნიშნა საყვარელიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბრისას.
როგორც საყვარელიძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ მთავარ პროკურატურის გამომძიებლებს პირადად იცნობს, იგი მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმეზე არ დაუკითხავთ.
შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეებმა, პაატა ქათამაძემ და ბესარიონ ალავიძემ მუქარის შემცველი წერილი უკრაინიდან, დავით საყვარელიძისგან მიიღეს. როგორც პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, თუ მოსამართლეები დავით საყვარელიძის მოთხოვნებს შეასრულებდნენ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მათ იურიდიული მიმართულებით, მაღალ თანამდებობებს სთავაზობდნენ.
გამოძიებით დგინდება, რომ ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები გამოეგზავნათ უკრაინული მობილური ტელეფონის ნომრიდან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გამოკითხვისას, ორივე მოსამართლემ კატეგორიულად უარყო, გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევისა, მანამდე, ან მას შემდეგ, მათ საქმიანობაში ჩარევის ან/და ჩარევის მცდელობის სხვა რაიმე ფაქტის არსებობა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით. გამოძიების ფარგლებში, საქმეზე სწრაფად და ეფექტურად ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები