“კარგია, რომ მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით სიღრმისეული ძიება მიმდინარეობს”

“ძალიან კარგია, რომ მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, დეტალური და სიღრმისეული ძიება მიმდინარეობს”, – ასე აფასებს „კვირასთან“, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი – გია ვოლსკი პროკურატურაში დღეს გამართული ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას.
ვოლსკის თქმით, ძალიან სამწუხარო შემთხვევასთან გვექნება საქმე, თუ დადასტურდა ყოფილი ხელისუფლების მხრიდან სასამართლო საქმიანობაში ჩარევის ფაქტები.
„თუ ეს ყველაფერი დადასტურდა, ძალიან ცუდ სურათს მივიღებთ – საზოგადოება ცხოვრობს თავისი ცხოვრებით, თავისი საზრუნავით, სახეზე გვაქვს პოზიტიური საშინაო-საგარეო პროცესები და ამ დროს, ვხედავთ, რომ ამ ყველაფრის მიღმა მიმდინარეობს ძალიან ცუდი პროცესები და ვიღაცები ეროვნული ინტერესების შელახვას ცდილობენ – ეს ძალიან ცუდია. ძალიან კარგია, რომ მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, დეტალური და სიღრმისეული ძიება მიმდინარეობს, თუმცა საქმე ბოლომდეა მისაყვანი, დასადებია დასკვნა და საბოლოო სიტყვა სასამართლოს ეთქმის. და კიდევ ერთი გარემოება: ხშირ შემთხვევაში უფრო აქტუალური ხდება კითხვა – საიდან გამოქვეყნდა ეს ფარული ჩანაწერები და არა ის, თუ რა არის ამ ჩანაწერის შინაარსი. რასაკვირველია, ამ მიმართულებით, კითხვებს ძირითადად, ამ პროცესებში მონაწილეები სვამენ. მე არ ვამბობ, რომ არ უნდა გვაინტერესებდეს, რამდენად კანონიერია ამ ყველაფრის გავრცელება, თუმცა მხოლოდ ამ საკითხზე აპელირება არ არის მართალი“, – განუცხადა „კვირას“ ვოლსკიმ.
მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურა გამოძიების შუალედურ შედეგებს ასაჯაროებს.
როგორც პროკურატურაში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის: გამოიკითხნენ განცხადების წარმომდგენი მოსამართლეები ბ. ალავიძე და პ. ქათამაძე, მათი ოჯახის წევრები და ნათესავები, დათვალიერდა ხსენებული მოსამართლეების მობილური ტელეფონები, ჩატარებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, ხსენებული მიმართვებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების განმახორციელებელი პირების დადგენის მიზნით.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები გამოეგზავნათ უკრაინული მობილური ტელეფონის ნომრიდან.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოკითხვისას, ორივე მოსამართლემ კატეგორიულად უარყო, გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევისა, მანამდე ან მას შემდეგ მათ საქმიანობაში ჩარევის ან/და ჩარევის მცდელობის სხვა რაიმე ფაქტის არსებობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები