მოსამართლეებს წერილები დავით საყვარელიძემ მისწერა – პროკურატურა ნივთმტკიცებას აქვეყნებს
„ეცადეთ ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო საკითხი გაასკანდალოთ, არ აქვს მნიშვნელობა დამაჯერებელი იქნება თუ არა“, – ამ ხასიათის წერილი მიიღო „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლემ, ბესო ალავიძემ უკრაინის მთავარი პროკურორის მოადგილის, დავით საყვარელიძისგან, რომელიც დღეს მთავარმა პროკურატურამ ნივთმტკიცების სახით გამოაქვეყნა.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე დავით საყვარელიძის ამ მოთხოვნებს შეასრულებს, მას, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, თანამდებობა გარანტირებული აქვს.
„გამარჯობა ბესო. გაფასებ და მინდა მადლობა გადაგიხადო შენი ასეთი უღალატო გვერდში დგომისთვის. გვარამიასგან ვიცით, რომ ჩვენი დასაყრდენი შენ და პაატა ქათამაძე ხართ და ასევე, ისიც ვიცით, რა სირთულეებიც არის, თუმცა ცოტაც და, ამათი პარპაშით დამთავრდება. მაგათი საქმე წასულია. თქვენც აუცილებლად დაგიფასდებათ ყველაფერი. იურიდიული მიმართულების სათავეებთან დადგებით, ჩვენი დაბრუნებისთანავე, ეს პოზიცია გადახედვას არ ექვემდებარება. ახლა ვხვდები, რომ თქვენნაირ სანდო ხალხზე უნდა მდგარიყო სასამართლო. ასე გააგრძელეთ. ახლა კი მთავარი: მიშა აფასებს თქვენს ასეთ ერთგულებას და ვფიქრობთ, რომ უკვე საჭიროა, შიგნიდან ამ თემის „ხელოვნურად გახეთქვა“ და მასთან შეთანხმებით მინდა გთხოვოთ შემდეგი: ეცადეთ ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო საკითხი გაასკანდალოთ, არ აქვს მნიშვნელობა, დამაჯერებელი იქნება თუ არა. ნამდვილად ჯობია, გამოხვიდეთ საჯაროდ და ღია თქვათ, რომ წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ გიწევთ მუშაობა, გემუქრებიან, გატერორებენ, გითვალთვალებენ და რაც გინდათ, ის თქვით. თქვენ უკეთესად მოიფიქრებთ. დანარჩენი უკვე ნიკამ იცის, ისეთ შავ პიარს ააგორებს, რომ საბოლოოდ განადგურდება ეგ საქმე. თქვენ ხელშეუხებელი გმირები გახდებით და მომავლის უმაღლესი თანამდებობრივი კარიერა გარანტირებული გექნებათ. რაც მთავარია, უცხოელებიც ნახავენ, რომ აი, რა ხდება თურმე მართლა. დანარჩენები კი საბოლოოდ ჩაირეცხებიან. სწორედ ეს სჭირდება ამ სიტუაციას და სხვა ყველაფერი უკვე ტექნიკის საქმეა. თქვენთვისაც გაადვილდება საქმე და საბოლოოდ დავანგრევთ მაგათ. მიხარია, რომ თქვენნაირი ხალხი გვეგულება და გველოდება საქართველოში“, – ნათქვამია წერილში.
პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ნივთმტკიცებაში კიდევ ერთი სატელეფონო მესიჯია, უკრაინიდან მიღებული, რომელიც ასევე „რუსთავი 2“-ის საქმის კიდევ ერთმა მოსამართლემ, პაატა ქათამაძემ მიიღო.
„პაატა, გამარჯობა. წერილს ალბათ მიიღებდი. დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი აქტიურობით ვითარება დალაგდება. გაჭიანურება არ ივარგებს“ -სატელეფონო მესიჯი უკრაინიდან არის გამოგზავნილი, რომელსაც წინ უძღვის უკრაინის ქვეყნის კოდი.
პროკურატურის ინფორმაციით, სატელეფონო მესიჯი უკრაინიდან არის გამოგზავნილი, ნომერს წინ უძღვის უკრაინის ქვეყნის კოდი.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ მიღებული მიმართვებისა და სატელეფონო შეტყობინებების შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს წერილობით აცნობეს. აღნიშნული ინფორმაცია და მასალები, როგორც აღინიშნა, შემდგომი რეაგირებისთვის, გადმოგზავნილი იქნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები გამოეგზავნათ უკრაინული მობილური ტელეფონის ნომრიდან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გამოკითხვისას, ორივე მოსამართლემ კატეგორიულად უარყო, გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევისა, მანამდე, ან მას შემდეგ, მათ საქმიანობაში ჩარევის ან/და ჩარევის მცდელობის სხვა რაიმე ფაქტის არსებობა. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით. გამოძიების ფარგლებში, საქმეზე სწრაფად და ეფექტურად ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.