“საზმაუს” სამეურვეო საბჭო სამუშაო შეხვედრას გამართავს – რაც აცხადებს ბორდის თავმჯდომარე
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭო დღეს სამუშაო შეხვედრას გამართავს, სადაც გენერალური დირექტორის მიერ წარდგენილ გარდაქმნისა და განვითარების სამწლიან გეგმას გაეცნობიან. ბორდის თავმჯდომარის, გრიგოლ გოგელიას თქმით, სამეურვეო საბჭოს სხდომაზე საუბარი იქნება წარმოდგენილ სამუშაო გეგმაზე. სამეურვეო საბჭოს წევრები ვასილ მაღლაფერიძესთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებთან და მედიაექსპერტებთან შეხვედრებს გამართავენ, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„ჩვენ დავგეგმავთ, როგორ შესრულდეს ჩვენ მიერ გაცხადებული მოქმედებები, ვის შევხვდეთ, რა იყოს დღის წესრიგი და როგორ წარვმართოთ შეხვედრები. არის სხვადასხვა კითხვები და ამაზე ჩამოვყალიბდებით ერთობლივად და ცალ-ცალკე დავუსვამთ კითხვებს, როდესაც გვექნება ოფიციალური ღია სხდომა გენერალურ დირექტორთან. სხდომა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას ჩაინიშნება. ჩვენ შეხვედრები უნდა გავმართოთ ძირითადად, სამ დაინტერესებულ მხარესთან – ეს არიან თანამშრომლები, ასევე, სამოქალაქო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები. სწორედ ამის გამო ვიკრიბებით დღეს, რომ დავგეგმოთ ეს შეხვედრები“, – განაცხადა გოგელიამ. ბორდის თავმჯდომარე გრიგოლ გოგელია მტკივნეული ნაბიჯების გადადგმას არ გამორიცხავს.
„1 200 თანამშრომლით შევმცირდებით თუ დავიმატებთ 2 000 კაცს, ამაზე ჯერ კომენტარს ვერ გავაკეთებ, იქიდან გამომდინარე, რომ წარმოდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით, დისკუსია დავიწყეთ და განსჯაა საჭირო. თუ დავრწმუნდებით, რომ ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი, კარგი, მაგრამ მძიმე, მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, ხოლო თუ დავრწმუნდებით, რომ ეს არის მცდარი გამოსავალი, მაშინ არ მივიღებთ“, – განაცხადა გოგელიამ.