საკონსტიტუციო სასამართლომ ნარკოტიკული საშუალება “დეზომორფინის” მოხმარების შესახებ სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო

 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 6 თებერვალს არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, მოსაჩელე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალება “დეზომორფინის” დიდი ოდენობით პირადი მოხმარების მიზნისთვის დამზადება, შეძენა, შენახვისთვის სასჯელის სახით ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
„მოსარჩელის მტკიცებით, ვინაიდან კანონმდებლობა არ ადგენს დეზომორფინის ოდენობებს, დეზომორფინის ნებისმიერი ოდენობით შენახვა-შეძენა, დამზადება (მათ შორის პირადი მოხმარებისათვის 0,00009 გრამიც) ითვლება დიდ ოდენობად და მოსამართლეს განაჩენის დადგენისას არ აქვს შესაძლებლობა, ინდივიდუალურად განსაზღვროს დანაშაულის კვალიფიკაცია სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმით დადგენილი სასჯელის არაპროპორციულობაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ სადავო ნორმა დეზომორფინის შეძენა-შენახვა-მოხმარებისათვის ითვალისწინებს იგივე ოდენობის სანქციას, რაც დადგენილია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის.
დავის საგანია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით, ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება – დეზომორფინის დიდი ოდენობით პირადი მოხმარების მიზნისთვის, დამზადება, შეძენა, შენახვისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. მათივე ცნობით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები