„ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ხერხით ცდილობს, გარკვეული გავლენები მოახდინოს მოსამართლეებზე“
“ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ხერხით ცდილობს, გარკვეული გავლენები მოახდინოს მოსამართლეებზე, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა ნიკა გვარამისა და ზურაბ ადეიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერზე კომენტარებისას განაცხადა.
როგორც კახიანმა აღნიშნა, დღეს სასამართლო ხელისუფლება ბევრად დამოუკიდებელია, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს.
„ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ხერხით ცდილობს, რომ გარკვეული გავლენები მოახდინოს მოსამართლეებზე. მათ ამის საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვთ და სხვადასხვა ხერხებით დღესაც ახერხებენ. მიხარია, რომ დღეს სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებლობის თვალსაზრისით ბევრად უფრო წინ არის, ვიდრე ეს იყო რამდენიმე წლის წინ და მოსამართლეები მართლა განთავისუფლდნენ იმ ხელისუფლების გავლენისგან, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წლის მერეც ჰქონდათ შენარჩუნებული.
როგორც კი მოსამართლეებზე გავლენის მოხდენას ვერ ახერხებენ, იწყებენ შეტევას კონკრეტულ მოსამართლეებზე. ამის არაერთი მაგალითი გვქონია. ახლა მოსამართლე ნაზღაიძე არის მათი დარტყმის ობიექტი, რადგან თავის დროზე მასზე ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინეს. მოსამართლეზე შეტევა, თავის მხრივ, მიზნად ისახავს სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციას. ეს ირიბად არის ზეწოლა უზენაეს სასამართლოზე“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა გამოცემამ დღეს ნიკა გვარამიასა და ზურაბ ადეიშვილის სატელეფონო ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც საუბარია მოსამართლეებზე ზეწოლასა და ქრთამის სახით 3 მილიონი დოლარის მიცემაზე. საუბარში ნახსენებია საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი.