შს სამინისტრომ ნიკა გვარამიასა და ზურაბ ადეიშვილის სავარაუდო საუბრის ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის სავარაუდო საუბრის ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
”შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ პირადი მიმოწერით, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 159-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით”, – აცხადებენ სამინისტროში.
ცნობისათვის, საინფორმაციო-ანალიტიკური გამოცემამ, “Українська революція”-მ მორიგი ჩანაწერი გამოაქვეყნა. პორტალის მტკიცებით, აუდიოჩანაწერი საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საუბარს ასახავს. საუბარი, სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესს შეეხება. ისმის ორი მოსამართლის გვარი – ალავიძე და ახვლედიანი, როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბესარიონ ალავიძე „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეა.
ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები 3 მილიონის გაცემაზე საუბრობენ, რასთან დაკავშირებითაც, სავარაუდოდ, ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ „3 მილიონი სალაპარაკოც არ უნდა იყოს“, ამასთანავე, ის ამბობს, რომ „ახვლედიანმა ალავიძეზე ბევრად უფრო მეტი ფასის საქმე შეასრულა“. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ ადეიშვილი თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ „იქ უნდა ჩავიდეს“, რაზეც სავარაუდოდ გვარამია პასუხობს, რომ ყარამანიშვილებთან ლაპარაკის თავი არ აქვს, ის ყარამანიშვილებს „ავადმყოფს“ უწოდებს და უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს.