დავით ნარმანია: მეც ძალიან ბევრი კითხვა მაქვს ირაკლი აბესაძესთან

დედაქალაქის მერი პარტია „ ევროპული საქართველოს“ წევრს ირაკლი აბესაძეს წარსულს ახსენებს და მასთან კითხვები აქვს.
”მეც ძალიან ბევრი კითხვები მაქვს ირაკლი აბესაძესთან, როდესაც ის იყო თბილისის მერის მოადგილე, ან მანამდე ქალაქის იურიდიული სამსახურის უფროსი. ასე რომ, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს აბესაძეზეც გადაგზავნილი. არ მაინტერესებს, აბესაძე რას მიიჩნევს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარის კომპენსაციის საკითხზეც ისაუბრა. დავით ნარმანიას თქმით, მათ აღნიშნული გადაწყვეტილება საკითხზე ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ მიიღეს.
”თბილისის მერიამ სტიქიის ზონაში მოხვედრილ ყველა მესაკუთრეს მისცა შესაბამისი კომპენსაცია. ზოგიერთ შემთხვევაში, გაკეთდა ტერიტორიის ჩანაცვლებები. ასე რომ, ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, კანონმდებლობის წესებისა და პროცედურების სრული დაცვით იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რათა მესაკუთრეს ტერიტორია ნაწილობრივ ჩანაცვლებოდა და სხვაობა, შესაბამისად, ფინანსური თვალსაზრისით, ყოფილიყო დაფარული. წესს ჰქვია ასეთი სახელი, თორემ ეს არ ყოფილა გადაუდებელი აუცილებლობა. ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის გამავლობაში ვიხილავდით ამ საქმეს და მხოლოდ შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დედაქალაქის მერი ფიქრობს, რომ „რაღაც განსაკუთრებული ამ შემთხვევაში არ მომხდარა“. მისივე თმით, ქონების მართვის სამსახური გასცემს ინფორმაციას დეტალებზე, იყო თუ არა ნატა ნაზღაიძის ძმისთვის გაცემული კომპენსაციის ვადები დაცული.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას თბილისის მერიამ, თბილისის ცენტრში 515 ათას ლარად შეფასებული 5000 კვადრატული მეტრი მიწა გადაუფორმა. 129 ათას ლარი მერიამ ნაზღაიძეს ბანკში კრედიტის დასაფარად მისცა, კიდევ 43 ათას დოლარი საბანკო ვალდებულების გასასტუმრებლად, ხოლო დამატებით 220 ათას ლარს ბანკში იმ ანგარიშზე ჩაურიცხავს, რომელსაც მოსამართლის ძმა ზვიად ნაზღაიძე დაასახელებს.
მოსამართლე ნატალია ნაზღაიძე სააპელაციო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი2“ -ს საქმეს იხილავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები