ირაკლი ლექვინაძე: მერია არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ „რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლე ნატა ნაზღაიძე იყო
„ჩვენი სამსახურები მზად არიან ამ სამართლებრივ ნაწილზე განმარტებები გააკეთონ“, – ასე ეხმაურება თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე მოსამართლე ნატალია ნაზღაიძის ძმისთვის 1 მილიონი ლარის ღირებულების ქონების გადაცემის საკითხს.
ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, მერია არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ „რუსთავი 2″-ის საქმის მოსამართლე ნატა ნაზღაიძე იყო.
„თბილისის მერიის მხრიდან, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დოკუმენტაცია შედგენილია აბსოლუტურად სამართლებრივი წესების დაცვით და ჩარჩოებში. ამ მიწის ნაკვეთზე დაწყებული იყო გარკვეული აქტივობები, რომელიც გულისხმობდა საინვესტიციო პროექტის განხორციელებას და იქ იყო ინვესტორის მხრიდან გარკვეული აქტივობები განხორციელებული. აღნიშნული ქონება შეფასებულ იქნა სამხარაულის ექსპერტიზის მიერ, დაახლოებით 972 ათასი ლარის მოცულობით და აღნიშნული ღირებულების სანაცვლოდ, მეპატრონის მიმართ განხორციელებულ იქნა ალტერნატიული მიწის ნაკვეთის გამოყოფა. სამართლებრივ ნაწილში აღნიშნულ პროცესს პრობლემა არ აქვს, ამიტომ დაინტერსებულ მხარეებთან მიმართებაში, იგივე საკრებულოსთან მიმართებაში, ჩვენი სამსახურები მზად არიან, ამ სამართლებრივ ნაწილზე განმარტებები გააკეთონ.
რაც შეეხება მის პოლიტიკურ ნაწილს, დიახ, ეს თემა გაპოლიტიკურდა. თუმცა ვიმეორებ, არანაირი მნიშვნელობა კონკრეტულ გვართან და კონკრეტულ მოსამართლესთან მიმართებაში ამ პროცესს არ აქვს,“ – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას თბილისის მერიამ დედაქალაქის ცენტრში 515 ათას ლარად შეფასებულ 5000 კვადრატული მეტრი მიწა გადაუფორმა. 129 ათას ლარი მერიამ ნაზღაიძეს ბანკში კრედიტის დასაფარად მისცა, კიდევ 43 ათას დოლარი საბანკო ვალდებულების გასასტუმრებლად, ხოლო დამატებით 220 ათას ლარს კი ბანკში იმ ანგარიშზე ჩაურიცხავს, რომელსაც მოსამართლის ძმა – ზვიად ნაზღაიძე დაასახელებს. მოსამართლე ნატალია ნაზღაიძე სააპელაციო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი2“ -ის საქმეს იხილავდა.