„თუ ვინმე უშლის ხელს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს დამოუკიდებელ საქმიანობაში, ეს „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენელი და ნიკა გვარამიაა“
თუ ვინმე უშლის ხელს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს დამოუკიდებელ და პროფესიულ საქმიანობაში, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენელი და ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების მუშაობის მთავარ პრინციპს, უკვე მეხუთე წელია, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მედიის თავისუფლების მაღალი სტანდარტი წარმოადგენს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და ნიკა გვარამია უკვე მეხუთე წელია, წელიწადში რამდენჯერმე ცრუ განგაშს აწყობენ, რომ ხელისუფლება ტელეკომპანიის მისაკუთრებას აპირებს. კერძო და ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის ეს ადამიანები რეალურად საკუთარ ქვეყანას და საზოგადოებას აზიანებენ. ღრმად მჯერა, როგორც პოლიტიკოსს, თუ ვინმე უშლის ხელს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს დამოუკიდებელ და პროფესიულ საქმიანობაში, ეს სწორედ „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენელი და ბატონი ნიკა გვარამიაა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.