რუსთაველის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისთვის, მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

 თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის ბრალდებულ გიორგი ჯაფარიძეს პატიმრობა შეუფარდა.
როგორც „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 23 მარტს, 12:30-ზე გაიმართება. წარდგენილი ბრალის თანახმად, გიორგი ჯ.-ს ბრალად ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
გამოძიების მასალების თანახმად, საქმე ეხება, 2017 წლის 24 იანვარს, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ შემთხვევას, როცა „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა, თანმხვედრად მიმავალი ავტომანქანის გასწრების მიზნით, გადაკვეთა ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი და სავალი გზის საპირისპირო ზოლში გადასული შეეჯახა ორ ავტომანქანას. შედეგად, გარდაიცვალა ერთი პირი და დაშავდა სამი მგზავრი.
სასამართლომ, განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და მიიჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე, ფაქტობრივი საფუძვლები. სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას, მხედველობაში მიიღო ბრალდებულის პიროვნება, მისი დამოკიდებულება კანონის მოთხოვნებისა და შეზღუდვებისადმი, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხეები.
აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები