სამსახურიდან გათავისუფლებული მაშველები აცხადებენ, რომ ქორწილში მარიხუანა მოტყუებით მოაწევინეს

ბათუმის სამაშველო სამსახურის 4 თანამშრომელი სამსახურიდან შსს-ს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს.
სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებთან დაკავშირებით შს სამინისტრო განმარტებას აკეთებს.
”2017 წლის 3 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ ოთხივე პირი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით და სახდელის სახით თითოს 500-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა. 45-ე მუხლი ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენას ან შენახვას ან ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას”, – აცხადებენ შსს-ში.
მაშველები: იოსებ ძინძიბაძე, ნური ბარამიძე, ირაკლი ბერიძე, რომან ასანიძე აცხადებენ, რომ 25 დეკემბერს თანამშრომლის ქორწილში იახტის მფლობელმა ედიშერ დევაძემ მათ მოტყუებით მარიხუანა მოაწევინა.
„25 დეკემბერს მოტყუებით მარიხუანა მოგვაწევინეს. გენერალურმა ინსპექციამ შემოწმებაზე გადაგვიყვანა, ჩავაბარეთ ანალიზები და მარიხუანას მიღება აღმოგვაჩნდა. ჩვენ ვაპროტესტებთ ამას, რადგანაც მარიხუანას მწეველები არ ვართ. მაშველები ვართ და ვემსახურებით საქართველოს. მოვითხოვთ სასამართლო კანონიერად წარიმართოს“, – განაცხადა რომან ასანიძემ.
უწყებიდან უკვე გათავისუფლებულების უფლებებს სასამართლოში ადვოკატი დავით ჯაფარიძე იცავს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აჭარის პროკურატურა საკითხის მოკვლევას აჭიანურებს.
„ედიშერ დევაძემ, რომელიც წარსულში თაღლითობისთვის არის ნასამართლევი, მოტყუებით მარიხუანას შერეული სიგარეტი მოაწევინა სამაშველო სამსახურის ოთხ თანამშრომელს. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს სააპელაციო განხილვები, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ისინი სრულიად უკანონოდ გაათავისუფლა. საუბარია, განყოფილების უფროსზე, გემ წაყვანზე და სხვა თანამშრომლებზე. აქვე მინდა გითხრათ, რომ აჭარის პროკურატურას მივმართეთ, სადაც ჭიანურდება გამოძიება და აგრეთვე, ჯერჯერობით არ დაწყებულა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სხდომები. ამ ოთხ თანამშრომლეს მთელი კოლექტივი სოლიდარობას უცხადებს. თუ არ დააბრუნებენ გათავისუფლებულებს, მოსალოდნელია გაფიცვებიც“, – აცხადებს დავით ჯაფარიძე.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები