დავით საყვარელიძე: გაირკვევა მათი ვინაობები, ვინც მოსამართლეებზე ზეწოლას ახდენენ
”გაირკვევა ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ დანაშაულებრივ საქმეში აქტიურობენ. გაირკვევა ის ადამიანები, ვინც მოსამართლეებზე ზეწოლას ახდენენ, გაირკვევა ის ხალხი, ვინც ”რუსთავი 2”-ის წართმევის სქემაში აქტიურად მონაწილეობს“ – ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ეთერში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
დავით საყვარელიძე გავრცელებულ ”ვაიბერ”- მიმოწერას, სადაც თითქოს-და ის მიხეილ სააკაშვილს ესაუბრება, ფაბრიკაციას უწოდებს. ”გაირკვევა ის ადამიანები, ვინც ამ დანაშაულებრივ საქმეში აქტიურობენ. გაირკვევა ის ადამიანები, ვინც მოსამართლეებზე ზეწოლას ახდენენ, გაირკვევა ის ხალხი, ვინც ”რუსთავი 2”-ის წართმევის სქემაში აქტიურად მონაწილეობს. ვის მოუვიდა აზრად ასეთი იდიოტობა, რომ მე და მიხეილ სააკაშვილი ცალ-ცალკე, გვერდიგვერდ ოთახებში ვსხდებით, ერთმანეთს თითქოს ”ვაიბერით” ვუმესიჯებთ მოსამართლეების (რომელსაც არ ვიცნობ, სახელებიც პირველად გავიგე) ზეწოლის ფაქტებს. ბავშვისთვისაც კი გასაგებია რა ხდება. დაიწყო ახალი შეტევის კამპანია ”რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ და ისე, როგორც ”რუსთავი 2”-მა და თავისუფალმა სიტყვამ ბევრჯერ გაიმარჯვა საქართველოში, ამ შემთხვევაშიც გამარჯვება იქნება გარდაუვალი. ეს ადამიანები კი, ვინც დღეს ბრმად მიჰყვებიან ბიძინა ივანიშვილის დავალებებს, ამაზე პასუხს აგებენ აუცილებლად”, – განაცხადა დავით საყვარელიძემ.