თამარ ჩუგოშვილმა ლატვიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, იანის ზლამეცთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
როგორც „კვირას“ საქართველოს პარლმენტიდან აცნობეს, მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე წლის მარტში, საქართველოში დაგეგმილ ნორდიკულ-ბალტიური რვიანის (NB8) ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების ერთობლივ ვიზიტზე.
„ჩვენ ნორდიკულ-ბალტიური რვიანის ქვეყნების თავმჯდომარეების ვიზიტებს ველოდებით. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. საქართველოს პარლამენტი რვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს უმასპინძლებს და რა თქმა უნდა, საორგანიზაციო ტიპის შეხვედრები მუდმივად იმართება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის შემდეგ.
ლატვიის ელჩი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობით დაინტერესდა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო.
„შეხვედრისას ვისაუბრეთ საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაზე. აინტერესებდათ დეტალები, როგორ მიმდინარეობს ჯგუფის მუშაობა, რამდენად გახსნილია, რამდენად ღია და რამდენად ჩართულობითია პროცესი. ლატვიის ელჩმა მიიღო სრული ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ძალიან კარგი სისტემა და ძალიან კარგი ფორმატია შემოთავაზებული იმისთვის, რომ ყველა მხარე იყოს ჩართული საკონსტიტუციო კომისიის განხილვებში“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.