ლევან თევზაძე: მოსამართლეთა ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით, იუსტიციის საბჭო გამოძიების შედეგებს ელოდება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან თევზაძის განცხადებით, „რუსთავი2“-ის საქმის მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით, საბჭო გამოძიების შედეგებს ელოდება. ჟურნალისტებთან საუბრისას თევზაძემ აღნიშნული ფაქტი უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მოსამართლეებისთვის გაგზავნილი სატელეფონო შეტყობინებების ავთენტურობა არის დასადგენი. კითხვაზე თუ რატომ არ იყვნენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის მხრიდან ინფორმირებულები, თევზაძემ აღნიშნა, რომ გვენეტაძეს ამის არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა.
მისივე თქმით, გვენეტაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით მყისიერი რეაგირება მოახდინა და მასალები პროკურატურას გადაუგზავნა.
„იმის გათვალისწინებით, რომ ეს საქმე არის გამოძიებაში, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიცადოთ გამოძიების შედეგებამდე. ცუდია, თუ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, თუმცა ისევ და ისევ გამოძიებას უნდა დაველოდოთ. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რატომ არ იყვნენ იუსტიციის საბჭოს წევრები ინფორმირებულები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან, ეს თავად მას უნდა ჰკითხოთ. თუმცა, მან დღეს დაადასტურა, რომ იყო ინფორმირებული ამ ფაქტის თაობაზე და მან აღნიშნა კიდეც, რომ მყისიერად მოახდინა რეაგირება და მასალები პროკურატურაში გადააგზავნა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გიპასუხებთ, მომაწოდა თუ არა ნინო გვენეტაძემ ინფორმაცია იმაზე,თუ რომელმა მაღალჩინოსანმა გაუგზავნა სატელეფონო შეტყობინებები მოსამართლეებს“,- განაცხადა ლევან თევზაძემ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეების მიმართ შესაძლო ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს ჟურნალისტებთან კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები