საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბ ჟვანიას საფლავი ყვავილებით შეამკო – დღეს ექსპრემიერის გარდაცვალების დღეა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, დიდუბის პანთეონში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით, საფლავი ყვავილებით შეამკო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბ ჟვანიას ხსოვნას მისი ოჯახის წევრებთან ერთად მიაგო პატივი.
საქართველოს ყოფილი პრემირ- მინისტრი ზურაბ ჟვანია 2005 წლის 2 თებერვალს გარდაიცვალა.
ოფიციალური ინფორმაციით, ზურაბ ჟვანია მხუთავი აირის გაჟონვის შედეგად თბილისში, ბინაში დაიღუპა.
საქართველოს მაშინდელი შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას ცხედარი თბილისში, ქვემო ქართლის ვიცე- გუბერნატორის ბინაში იქნა აღმოჩენილი.
მერაბიშვილის განცხადებით, ეს უბედური შემთხვევა იყო, რომელსაც ზვანია და რაულ იუსუფოვი შეეწირნენ.
2012 წლის, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ჟვანიას ოჯახის წევრებმა, რომლებიც გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობოდნენ, მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართეს და საქმის ხელახლა გამოძიება ითხოვეს.
მთავარ პროკურატურაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.