ლევან მურუსიძე: ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნის სახელით მოუვიდათ მოსამართლეებს წერილები
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა.
როგორც მურუსიძემ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ განუცხადა, უმაღლესი საბჭოს მდივანმა მოსამართლეებზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით მიიღო ინფორმაცია.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მურუსიძემ განმარტა, საუბარია ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან მოსამართლეებისთვის გაგზავნილ წერილებზე, რომელიც ავთენტურობის დადგენის მიზნით, პროკურატურას გადაეგზავნა.
„თავად მოსამართლეებს არ ჰქონდათ ჩვენთან ამასთან დაკავშირებით კონტაქტი. დღეს გახდა გარკვეული დეტალები ჩემთვის ცნობილი. სრულად არ ვიცი, რა ხდება და როგორ. შევიტყვე, რომ ორ მოსამართლეს – ბესო ალავიძეს და პაატა ქათამაძეს მიუვიდათ წერილები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნის სახელით და შემდეგ მიუვიდათ სატელეფონო შეტყობინებები. მათ აღნიშნული წერილები გადასცეს უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობას, რომელმაც ეს წერილები პროკურატურას გადაუგზავნა“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
მისვე განცხადებით, მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესახებ ინფორმაცია ნინო გვენეტაძეს არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის მიუწოდებია.
„ქალბატონი ნინო რასაც ჩათვლის საჭიროდ, თავის პოზიციას თვითონ გაახმოვანებს. თუ დადგინდება, რომ ის რეალური წერილი არის ავთენტური და რეალურად ის პიროვნება, ვისზეც ამ წერილში არის მითითებული, ამ მოსამართლეებზე ახდენს ზეწოლას, ეს არის ძალიან ცუდი,“ – აცხადებს მურუსიძე.
ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა იწყება. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც შესაძლოა დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელონ, უზენაესი სასამართლოს წევრებზე შესაძლო ზეწოლის საქმეა.