თამარ ალანია: როგორც ჩანს, მოსამართლეებზე ისეთ ზეწოლაზეა საუბარი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია
“როგორც ჩანს, მოსამართლეებზე ისეთ ზეწოლაზეა საუბარი , რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია“, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დაწყებამდე, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა, თამარ ალანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეებმა სწორედ ამიტომ მიმართეს ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით პირდაპირ პროკურატურას, გამოძიების მიზნით.
ალანიას თქმით, მოსამართლეებს რაიმე კანონი არ ავალდებულებდა, შესაძლო ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით, იუსტიციის საბჭოს რომელიმე წევრისთვის ეცნობებინა.
„იუსტიციის საბჭოს არცერთი წევრი, მათ შორის მოსამართლე წევრებიც კი არ იყვნენ ინფორმირებული ამ ფაქტის თაობაზე. იუსტიციის საბჭოს მდივანმაც არაერთხელ განაცხადა, რომ ამის თაობაზე დღეს გახდა ცნობილი მისთვის. როგორც მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციიდან იკვეთება, აქ არის ისეთ ზეწოლაზე საუბარი, არა მხოლოდ მარტივ კომუნიკაციაზე მოსამართლეებთან, არამედ საუბარია მოსამართლეებზე ისეთ ზეწოლაზე, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს პირები მოსამართლეები არიან და მათ გადაწყვიტეს, რომ მიემართათ პირდაპირ პროკურატურისთვის. რატომ იხელმძღვანელეს მათ ასე და რატომ არ ჩააყენეს უმაღლეს საბჭოს არცერთი წევრი ამის თაობაზე საქმის კურსში, არ ვიცი. ასეთ ფაქტს არასოდეს ჰქონია ადგილი და სასურველი იქნებოდა, რომ საბჭოს ყველა წევრს ჰქონოდა ინფორმაცია, და რა თქმა უნდა, ჩვენც ამის თაობაზე მივიღებდით ზომებს“, – განაცხადა თამარ ალანიამ. მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იქნება საუბარი, შეხვდებიან თუ არა პაატა ქათამაძეს და ბესარიონ ალავიძეს იუსტიციის საბჭოს წევრები.