ლევან მურუსიძე ნინო გვენეტაძეს შეხვდა – არცერთ მოსამართლეს ზეწოლის ფაქტზე ჩემთვის არ მოუმართავს
„რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეებზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს შეხვდა.
როგორც ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე მურუსიძემ განუცხადა, მას აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ აქვს და სწორედ დეტალების გასარკვევად მივიდა უზენაეს სასამართლოში გვენეტაძესთან შესახვედრად.
როგორც მურუსიძე აღნიშნავს, ზეწოლის ფაქტზე მისთვის არცერთ მოსამართლეს არ მიუმართავს.
„არც ბესო ალავიძეს და არც პაატა ქათამაძეს არანაირი განცხადებით არ მოუმართავთ. არაფერი უთქვამთ ზეწოლასთან დაკავშირებით. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეს გავესაუბრო და პირადად მოვისმინო საქმის დეტალები. ზოგადად, არც ზეწოლას გამოვრიცხავ და არც იმას, რომ ზეწოლა არ მომხდარა. ამიტომ გარკვევა მინდა დეტალების. ჩემთან პირადად, აღნიშნულ მოსამართლეებს კონტაქტი არ ჰქონიათ“, – განაცხადა მურუსიძემ.