მამუკა მდინარაძე მოსამართლეებზე – ”ნაცმოძრაობის” ქმედებები კლოუნადას დაემსგავსა და მათი მხარდამჭერი ტელევიზიაც ჩართულია ამ კამპანიაში

“გამოდის ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი და ამბობს, რომ ამ საქმესთან არის დაკავშირებული და საინტერესოა, რა იცის მან, საიდან იცის ეს ინფორმაცია“, – აცხადებს ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ ბოლო დროს, ”ნაციონალური მოძრაობის” ქმედებები კლოუნადას დაემსგავსა. მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ მათი მხარდამჭერი ტელევიზიაც, რაღაცნაირად, ჩართულია ამ კამპანიაში.
დეპუტატი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს  „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეებზე ზეწოლას სუს-ი ახორციელებდა.

”ასეთი მოცემულობაა – ერთი მხრივ, ქვეყნდება რაღაც ჩანაწერები (რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მათი ავთენტურობა უნდა დადგინდეს და თუ ეს მართალია, უმკაცრესი საზოგადოებრივი და სამართლებრივი რეაქცია უნდა მოჰყვეს), ამის გამოქვეყნების შემდეგ კი, ჩვენ ვიგებთ, რომ დაწყებულია გამოძიება და მოსამართლეებს მიუმართავთ. შემდეგ გამოდის ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი და ამბობს, რომ ამ საქმესთან არის დაკავშირებული და საინტერესოა, რა იცის მან, საიდან იცის ეს ინფორმაცია. ეს არის მოცემულობა, სადაც ვხედავთ მათ ინტერესს, რამენაირად საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რამენაირად ამას რაც შეიძლება მძაფრი პოლიტიკური დატვირთვა მისცენ. სინამდვილეში, მართლაც წარსულს ჩაბარდა ისეთი შემთხვევები, როდესაც ვიღაცები ზეწოლას ახორციელებდნენ. ეს მათი სტილია, ნამდვილად ვხედავთ, რომ ისინი ვეღარ გამოდიან ამ სტილიდან და ამ სტილში ცდილობენ გააგრძელონ, როგორც სასამართლოზე ზეწოლა, ასევე ინფორმაციული ზეწოლა, რომლითაც საზოგადოებას ასაზრდოებენ და ცდილობენ, გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეებზე, რომლებიც ”რუსთავი 2″-ის საქმეს განიხილავენ, სუს-ი ზეწოლას ახორციელებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები