დავით ნარმანია: ჩვენ ვიწყებთ პროექტ „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპს

 „2017 წელს ჩვენ ვიწყებთ პროექტ „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპს, რომელიც ორბელიანის მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას მოიცავს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ სასტუმრო „რედისონში“ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. თბილისის მერმა პრეზენტაციაზე 2016 წელს განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, 2016 წელს დედაქალაქში განხორციელდა ისეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა „ახალი ტფილისი“. პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა და დავით აღმაშენებლის გამზირზე პირვანდელი სახით აღდგა 51 ისტორიული შენობა, მათ შორის 41 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ავთენტური იერსახით შენარჩუნდა შენობების ფასადები და ისტორიული ორნამენტები, სრული რესტავრაცია ჩაუტარდა ძველებურ აივნებს, კარებს და ჭიშკრებს, ისტორიულ სადარბაზოებს. გამზირზე მთლიანად შეიცვალა საკომუნიკაციო სისტემა, კეთილმოეწყო სავალი გზა.
აღმაშენებლის გამზირის გარდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ღვინის აღმართზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, არაერთ სახლს ქვემო კალაუბანში, შენობებს – ყავლაშვილის ქ. N9-ში, კოსტა ხეთაგუროვის N7 -ში, უზნაძის ქ. N4 -ში. რეაბილიტაცია დაიწყო ლადო გუდიაშვილის მოედანსა და მის მიმდებარე არეალზე, ნარიყალას ისტორიულ ციხე-სიმაგრეზე, შალვა დადიანის ქუჩა N34-32 -ში არსებულ უძველეს ისტორიულ სახლებზე.
„2017 წელს ჩვენ ვიწყებთ პროექტ „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპს, რომელიც ორბელიანის მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას მოიცავს.
პროექტ „ახალი ტფილისის“ მიზანია თბილისის მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის განახლების და გამოყენების ხელშეწყობის გზით, ეკონომიკის სტიმულირება და განვითარება. უფრო კონკრეტულად, პროექტი უზრუნველყოფს მტკვრის ორივე სანაპიროზე დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნა-განვითარებას და მისი მიმზიდველობის ამაღლებას, როგორც ადგილობრივი, ისე დინამიურად მზარდი უცხოური ტურისტული ნაკადებისთვის. ქვეყნის და განსაკუთრებით დედაქალაქის მიმართ ბოლო წლებში გაზრდილი ინტერესი წარმოადგენს საფუძველს, რომ უახლოეს მომავალში, ქალაქმა შეძლოს მზარდი შემოსავლების მიღება და სამომავლოდ, ამ დინამიკის ზრდის ხელშეწყობა, რაც თბილისის ეკონომიკის შეუქცევადი განვითარების და მისი მდგრადობის ამაღლების წინაპირობაა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები