მამუკა მდინარაძე: ხალხს არ აინტერესებს სპექტაკლები და პიარკამპანიები, ხალხს აინტერესებს, რას მიიღებს რეფორმის შედეგად
„ხალხს არ აინტერესებს სპექტაკლები და პიარკამპანიები, არამედ ხალხს აინტერესებს, რას მიიღებს რეფორმის შედეგად“, – ასე განმარტავს ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის მიერ უმრავლესობის წევრების კონსულტაციებზე დაუსწრებლობის ფაქტს. მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული კონსულტაციების მსგავსი ფორმატი სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს.
”ასეთი ფორმატი სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს – პრეზიდენტი იბარებს კონსულტაციებზე, ვეტოს დაძლევის თუ არ დაძლევის თემებზე უმრავლესობის წარმომადგენლებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს. ეს, გარკვეულწილად, ჰგავს პიარის და რაღაც პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობას. ვინმეს, საზოგადოების რომელიმე წევრს საქართველოში, წარმოუდგენია, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენ უნდა დავმსხდარიყავით და სერიოზულად გვესაუბრა თემებზე, რომლებიც სასამართლო რეფორმას შეეხება? – რა თქმა უნდა, აქედან გამოვიდოდა პოლიტიკური სპექტაკლი, რომელიც ხალხს არ აინტერესებს. მე მოვუწოდებ ყველას, მათ შორის, პოლიტიკურ ძალებს, რომ ხალხს არ აინტერესებს რაღაც სპექტაკლები და პიარკამპანიები. ხალხს აინტერესებს, რას მიიღებს ამ რეფორმის შედეგად. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმა ბოლო დროის განმავლობაში. ეს რეფორმა შეფერხდა პრეზიდენტის ვეტოს გამო, მაგრამ არაუშავს, ამ ვეტოსაც გადავლახავთ და რეფორმა მიიღებს უკვე პრაქტიკულ ხასიათს, სასამართლოს ეს კიდევ უფრო გააძლიერებს, გააჯანსაღებს, დამოუკიდებლობის მეტ ხარისხს შესძენს. მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ რაღაცა დაბარებებს პრეზიდენტის სასახლეში. ეს, რბილად რომ ვთქვათ, არ მგონია, სწორი იყოს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისათვის, ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ ესწრებიან. შეხვედრაში მონაწილეობენ „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები.