ქეთევან ციხელაშვილი: ჩვენი ამოცანაა, ვიზალიბერალიზაციის სარგებელი აფხაზებისა და ოსებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ამოცანაა, ვიზალიბერალიზაციის სარგებელი მაქსიმალურად მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს აფხაზებისა და ოსებისთვის. მინისტრი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას მნიშვნელოვნად აფასებს.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღება. არაერთხელ განმიცხადებია და მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ყველა სარგებელი, რომელიც გამომდინარეობს ევროკავშირთან თუ სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობის ფორმატებიდან, ჩვენ ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებისთვის. უვიზო გადაადგილების შესაძლებლობა არის ერთ-ერთი ყველაზე კონკრეტული სარგებელი, რომლითაც საქართველოს თითოეული მოქალაქე შეძლებს ისარგებლოს და ჩვენი ამოცანა გახლავთ, ამოქმედებისთანავე, მაქსიმალურად მარტივად (რის შესაძლებლობასაც იძლევა პროცედურები) ეს სარგებელი ხელმისაწვდომი გავხადოთ აფხაზებისა და ოსებისათვის. ეს არამხოლოდ მოგზაურობის შესაძლებლობას ქმნის, არამედ ბევრ სხვა თანამდევ სარგებელსაც და ვფიქრობ, აუცილებლად ძალიან მიმზიდველი და საინტერესო წინადადება იქნება“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
ამასთან, ციხელაშვილი დასძენს, რომ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა იხსნება საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის მფლობელებისთვის. „ჩვენი ამოცანაა, რომ თვითონ ეს პასპორტი, როგორც გეოგრაფიულად, ისე პროცედურულად, უფრო ადვილად ხელმისაწვდომი გავხადოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის, თუმცა ამას ახლავს თავისი უსაფრთხოების მექანიზმები“, – დასძინა ციხელაშვილმა. მისივე ინფორმაციით, იგეგმება საინფორმაციო კამპანიის წარმოებაც, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს მათთვის გასაგებ ენაზე მიეწოდოს ინფორმაცია ვიზალიბერალიზაციის პროცედურული დეტალების შესახებ.