მიხეილ ჯანელიძემ სებასტიან კურცთან შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრ სებასტიან კურცთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას, მხარეებმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთო-ს ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობები განიხილეს. ისაუბრეს ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და იმსჯელეს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესში ეუთო-ს ავსტრიის თავმჯდომარეობის ჩართულობაზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ეუთო-ს დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში და აღინიშნა საქართველოს მიღწევები ამ კონტექსტში. საუბარი ასევე შეეხო ავსტრიასა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.
ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა და აღნიშნა ამ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი.
აღნიშნულ კონტექსტში, სებასტიან კურცი მიესალმა მიმდინარე წლის 2 თებერვალს ევროპარლამენტის სესიაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მისი თქმით, საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის თვალსაზრისით, ძლიერი გზავნილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები