პრემიერი: დღეს ევროპარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესისთვის სამაგალითო გვიწოდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის გადაწყვეტილება მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დღევანდელი წარმატება მიულოცა.
როგორც რამდენიმე წუთის წინ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა აღნიშნა, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან დღეს ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ევროპის ნაწილია.
„დღეს როდესაც ევროპარლამენტმა პოლიტიკური გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ევროპასთან დაახლოებულ გზაზე და ძალიან დიდი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ეს არის მეტი კეთილდღეობა, მეტი დემოკრატია , მეტი ენერგია და ენთუზიაზმი, მეტი წარმატება ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარების გზაზე. დღეს ევროპარლამენტში, საიდანაც ყველაზე უკეთ ისმის ევროპელი ხალხის ხმა, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ევროპის ნაწილია. ჩვენ დღეს მოვისმინეთ სიტყვები, რომლებმაც შეუძლებელია არ აგაღელვოს და სიამაყით არ აგავსოს. ევროპარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან დღეს ჩვენ სამაგალითო გვიწოდეს ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესისთვის და მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის. დიდი მადლობა ჩვენი ქვეყნის ყველა მეგობარს ასეთი შეფასებისა და ნდობისთვის. ევროპასთან დაახლოება მთელი საქართველოს კუთვნილებაა და ჩვენ განსაკუთრებით გავახარებს, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეები ჩვენთან ერთად ისარგებლებენ ყველა იმ სიკეთით, რაც ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობებს მოაქვს. ეს იქნება უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში, ევროკავშირის ბაზარი ბიზნესმენებისთვის, ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა თუ მრავალი სხვა. დღევანდელი წარმატება უამრავი ადამიანის დიდი შრომის შედეგია. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო და მივულოცო ყველა მათგანს. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ხალხს, რომელიც ყოველთვის ერთსულოვანი იყო ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ. დღევანდელი პოზიტიური გადაწყვეტილება მალე მიგვიყვანს საბოლოო შედეგამდე და საქართველოს მოქალაქეებს მიეცემათ შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის უფლება. ევროპასთან უვიზო მიმოსვლა ახალ შესაძლებლობებთან ერთად თითოეულ ჩვენგანს უდიდეს პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს. მრავალი თაობის ოცნების ასრულების გზაზე“,-განაცხადა პრემიერმა და ყველას, ვინც აღნიშნულ პროცესში იყო ჩართული მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები