თამარ ხულორდავა: ევროკავშირი მუდმივად ადასტურებს, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები მდგრადი და ეფექტურია

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროკავშირი მუდმივად ადასტურებს, რომ უკანასკნელ წლებში, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ყველა სფეროში მდგრადი და ეფექტურია.
ხულორდავამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურები განმარტა და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დღევანდელი წარმატება მიულოცა.
„ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა ევროკავშირთან საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ დასკვნითი პროცედურების დასრულებისთანავე (ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ხელმოწერა და მინისტრთა საბჭოს დასტური), საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილებას. აღნიშნული რეჟიმი მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, ვიზის გარეშე, მოკლე ვადით (90 დღით) გაემგზავრონ ევროპაში.
ვულოცავთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ამ დიდ წარმატებას, რომელიც საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი უდიდესი შრომის, ძალისხმევისა და მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების შედეგია.
ევროკავშირი მუდმივად ადასტურებს, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ყველა სფეროში მდგრადი და ეფექტურია. (VLAP-ის იმპლემენტაციის პროცესში განხორციელდა ევროკავშირის 22 შემფასებელი მისია VLAP-ით განსაზღვრული 13 მიმართულებით და გამოქვეყნდა ევროკომისიის 4 შეფასებითი ანგარიში.) ეს შეფასებები ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და სახელმწიფო ინსტიტუტებმა დიდი ძალისხმევა გასწიეს და უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების შესრულება უპირველეს ეროვნულ პრიორიტეტად აქციეს.
ჩვენ, მართლაც რომ, შთამბეჭდავ პროგრესს მივაღწიეთ ბევრი მიმართულებით. განხორციელდა რეფორმები საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ჩარჩოს გასაუმჯობესებლად, გეგმით განსაზღვრულ სფეროებში ოთხი მიმართულებით განვითარდა ორგანიზაციული პრინციპები და შეიქმნა ახალი პროცედურები. მათ შორის, ქვეყანაში გავაუმჯობესეთ დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრის მართვა, მიგრაციის მართვა, თავშესაფრის პოლიტიკა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (ორგანიზებული დანაშაულის კორუფციის, ტრეფიკინგის, ნარკოტიკების, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა, სამართლებრივი თანამშრომლობა, პერსონალურ მონაცემთა დაცვა), ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.
დემოკრატიული რეფორმების კონსოლიდაციამ და უმნიშვნელოვანესი ღონისძიებების გატარებამ კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულებისა და ადამიანის თავისუფლების დაცვით მიმართულებით ახალი რეალობა შექმნა ქვეყანაში, რეალობა, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას გზა გაუხსნა ევროპასთან და ევროპული სტანდარტების სარგებელს უზიარებს. ამ გზაზე თითოეული ღონისძიება ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და კეთილდღეობის გაზრდას ემსახურება. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას რათა პარლამენტმა უკეთესად შეასრულოს თავისი მთავარი ინსტიტუციური როლი, როგორც ხიდმა ხალხსა და ხელისუფლებას შორის.
საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობას ვუხდით აღმასრულებელ ხელისუფლებას, ყველა სტრუქტურას, თითოეულ ადამიანს ვიზალიბერალიზაციის მისაღებად შესრულებული სამუშაოსთვის. ასევე, მადლობას ვუხდით ევროპელ კოლეგებს გაწეული დახმარებისთვის და საქართველოს მიერ შესრულებული სამუშაოების სათანადოდ შეფასებისთვის. დღევანდელი დღე არის ისტორიული, საქართველოს ევროპულ ოჯახში სრულფსოვანი დაბრუნებისაკენ უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი, ჩვენი თაობის მთავარი მიზანი, ქვეყნის ისტორიული განვითარების შედეგი, ჩვენი და ჩვენი შვილების ღირსეული მომავლის წინაპირობა“,-აცხადებს ხულორდავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები