იანოშ ჰერმანი ვიზალიბერალიზაციაზე: საქართველო ერთი, მნიშვნელოვანი ნაბიჯით ახლოსაა საბოლოო გადაწყვეტილებასთან

“საქართველო ერთი, მნიშვნელოვანი ნაბიჯით ახლოსაა საბოლოო გადაწყვეტილებასთან”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის თაობაზე ევროპარლამენტის მიერ დადებითი გადაწყვეტილების თაობაზე განაცხადა.
იანოშ ჰერმანმა დღევანდელ დღეს მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა.
„პირველ რიგში, ნება მომეცით აღვნიშნო, რომ ჩემთვის პატივია, რომ პრეზიდენტმა დღეს აქ, პრეზიდენტის სასახლეში მომიწვია. ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან ჩვენ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯით ახლოს ვართ საბოლოო გადაწყვეტილებასთან. ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ ახლა ჩვენ მართლაც ბოლო ეტაპებს ვუახლოვდებით. ჩვენ გვესმის, რომ ეს მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისათვის და ნება მომეცით, გულითადად მივულოცოთ საქართველოს ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დღეს. ვფიქრობთ, რომ ეს ნაბიჯი და მოგვიანებით უვიზო მიმოსვლის პროცედურების დასასრული კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოებს და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვაგრძოთ საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან. ეს არის ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ ბეჯითად მუშაობდა მრავალი ადამიანი, რომ ის რეალობად ქცეულიყო”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
როგორც საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მენიემ განაცხადა, დღევანდელი გადაწყვეტილება ნამდვილად დაიმსახურა ქართველმა საზოგადოებამ.
„ეს არის დიდი დღე, რადგან საქართველო ვიზალიბერალიზაციის რეალურ განხორციელებას დიდი ხანია ელოდება. ეს ასევე აღსანიშნავი დღეა ევროპისთვის, რადგან დღევანდელი გადაწყვეტილება გვიჩვენებს, რომ მიუხედავად არსებული სიძნელეებისა, ევროპის კარი ღიაა ისეთი მეგობარი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ისტორიული დღე, რადგან ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას”, – აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა.
აღნიშნული განცხადებები  პრეზიდენტის სასახლეში გაკეთდა.
გიორგი მარგველაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, ევროპარლამენტის სესიის ტრანსლირებას ადევნებდა თვალს, რომელზეც ევროპარლამენტმა საქართველოსათვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას უყარა კენჭი და საკითხი დადებითად გადაწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები