პრეზიდენტი: ვულოცავ ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას საქართველოს მოქალაქეებს, აფხაზ და ოს თანამემამულეებს, რომლებსაც ეს შედეგები შეეხებათ

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, ევროპარლამენტის სესიის ტრანსლირებას ადევნებდა თვალს, რომელზეც ევროპარლამენტმა საქართველოსათვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას უყარა კენჭი და საკითხი დადებითად გადაწყვიტა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის კენჭისყრის შემდეგ დიპლომატებს მიმართა და ევროპარლამენტარებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესში.
მე მინდა, მადლობა ვუთხრა ევროპარლამენტარებს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის. მინდა მადლობა ვუთხრა ევროპის ელჩებს, რომლებიც მუშაობდნენ ამ მიღწევისთვის. მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს მთავრობას, აღმასრულებელს და საკანონმდებლოს, როგორც მოქმედს, ასევე წინა ხელისუფლებებს იმ მუშაობისთვის, რაც მათ გასწიეს ამ მნიშვნელოვანი მიღწევისათვის. ამ მიღწევის შედეგებს არამარტო ქართველები, არამედ მთელი ევროპა მოიმკის, გამომდინარე იმ მნიშვნელოვანი წვლილიდან, რასაც ქართველები, ქართული კულტურა, საქართველოს მოქალაქეები ითამაშებენ ევროპაში და იმ მნიშვნელოვანი წვლილისგან, რასაც ევროპელები თამაშობენ ქართულ რეალობაში. მე მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი ოსი და აფხაზი თანამოქალაქეებიც ამ შედეგების მომსწრენი და ამ შედეგების მომხმარებლები იქნებიან!” – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები