დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის დელეგაციასთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

“საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) დაინტერესებულია საქართველოში საქმიანობის არეალის გაფართოებით”, – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ–მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და IFC-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის, ტომაშ ტელმას შეხვედრაზე აღინიშნა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ქართული მხრიდან, პირველი ვიცე–პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრნენ.
მხარეებმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და საფინანსო სექტორში IFC-ის ჩართულობის მნიშვნელობას.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგი, რომლის მიზანია ქვეყნის სწრაფი განვითარება, მათ შორის ეკონომიკური ზრდის, მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ბიზნესის სტიმულირების კუთხით. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის სივრცითი მოწყობის საკითხებზე და ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებზე. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მისასალმებელია კერძო–საჯარო თანამშრომლობის (PPP) სფეროში IFC-ის ჩართულობა, როგორც ინვესტირების, ასევე ტექნიკური/საკონსულტაციო მიმართულებით.
„საქართველოს აქვს დიდი საინვესტიციო პოტენციალი, რაც აისახა კიდეც მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ მომზადებულ კვლევაში “ბიზნესის წარმოება” (Doing Business), – განაცხადა IFC-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის, ტომაშ ტელმამ.
მისი თქმით, კორპორაცია განიხილავს დამატებითი პროექტების მხარდაჭერის შესაძლებლობას. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ინვესტიციებით და საკონსულტაციო მომსახურებით საქართველოში კერძო სექტორის განვითარებას უწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები