მამუკა მდინარაძე: ჩვენ არ გადავუხვევთ ევროპულ ღირებულებებს

„მინდა ამ სიხარულს შევუერთდე და მივულოცო ყველა ადამიანს დღევანდელი დღე, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების დღე“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართულად ხდება ევროპული ოჯახის წევრი და უბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობას.
”ამ მოვლენას, ალბათ, თანაბარი სიხარულით და მოლოდინით აფასებს მთელი ჩვენი მოსახლეობა. მეც მინდა ამ სიხარულს შევუერთდე და მივულოცო ყველა ადამიანს დღევანდელი დღე, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების დღე. ასე ახლოს ჩვენი ქვეყანა ევროპასთან არასდროს ყოფილა. ჩვენ განვითარების გზას ვადგავართ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ არ გადავუხვევთ ევროპულ ღირებულებებს. მთავარია, საქართველო ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართულად ხდება ევროპული სახლის წევრი და უბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. საქართველოს საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარეს. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წევრი იყო, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.
საქართველოს საკითხზე კენჭისყრას წინ უძღოდა ევროპარლამენტარებს შორის დებატები. დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის ავტომატურად ამოქმედებას არ ნიშნავს. დარჩენილია ცალკეული ტექნიკური პროცედურები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები