ირაკლი კობახიძე: ხვალ საქართველოს მოქალაქეებისთვის ისტორიული დღეა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხვალ საქართველოს მოქალაქეებისთვის ისტორიული დღეა.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ხვალ ევროპული პარლამენტი მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე რა თქმა უნდა ხელშესახები გახდება ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველა ის სიკეთე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციასთან. აქედან გამომდინარე, ეს არის პრაქტიკულად, ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის და ხვალინდელი დღის მიმართ მოლოდინი არის ძალიან დიდი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, დღეს გამართული შეხვედრების შეფასებისას.
ირაკლი კობახიძემ, ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და მთელ აღმასრულებელ ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ აღმასრულებელ სტრუქტურებს, იმისათვის რომ ყველაფერი გააკეთეს ამ შედეგის დადგომისთვის, განსაკუთრებით პირადად პრემიერ-მინისტრს, რომელსაც განსაკუთრებული პიროვნული წვლილი მიუძღვის ამ საქმეში. ასევე მთავრობის თითოეულ წევრს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებისთვის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ხვალ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პრინციპული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ტექნიკური პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით ვიზიტის პირველ დღეს გამართულ შეხვედრებზე პრიორიტეტებზე, სამომავლო თანამშრომლობის გეგემებზე და საქართველოს დემოკრატიული განვითარების შესახებ ისაუბრეს.
„დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან ევროპულ პარლამენტში, ასევე ბელგიის სენატის თავმჯდომარესთან. შეხვედრებზე ვისაუბრეთ ჩვენს პრიორიტეტებზე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე, კონკრეტულად ბელგიის სენატის თავმჯდომარესთან ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა პარლამენტებს და ჩვენ ქვეყნებს შორის. რაც შეეხება შეხვედრებს ევროპულ პარლამენტში – აქაც რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გავმართეთ და განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს დემოკრატიულ განვითარებასთან, ჩვენ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები