სასამართლო გიორგი ჯახუასთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე ხვალ იმსჯელებს

ქუთაისის საქალაქო სასამართლო სალხინოს დედათა მონასტრის დიაკონს, გიორგი ჯახუას ბრალი წარედგინა. სასამართლო ბრალდებულის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე ხვალ იმსჯელებს. ჯახუას ბრალდების მხარე ნარკოტიკული ნივთიერების შენახვას და მოხმარებას ედავება, რაც 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც ჯახუა აცხადებს, სამართალდამცველების მიერ მის სახლში აღმოჩენილ მარიხუანას ის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებდა.
19 იანვარს, შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გიორგი ჯახუა სასულიერო პირი არ არის. უწყების ცნობით, ჯახუას საცხოვრებელი სახლიდან კანაფის ამოღების ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. მათივე ცნობით, აღნიშნულ პიროვნებას მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. იარაღის ამოღების ფაქტს უწყება არ ადასტურებს.
თავად გიორგი ჯახუას მტკიცებით, ის მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს დედათა მონასტრის დიაკონია. ამის შესახებ მან 19 იანვარს „გირჩის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, 17 იანვარს, სამართალდამცველებმა ქუთაისში მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს და მარიხუანა ამოიღეს, რასაც დაავადების სამკურნალოდ იყენებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები