“გამოქვეყნებული ჩანაწერით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს” – მამუკა მდინარაძე სააკაშვილი-საყვარელიძის მიმოწერაზე

უკრაინული ვებ-გვერდის, Українська революція-ს მიერ გამოქვეყნებულ სკანდალურ ინფორმაციას სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს – მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე.
პრაიმტაიმთან” საუბრისას მდინარაძე აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და დავით საყვარელიძის სატელეფონო მიმოწერა, რომელიც ზემოხსენებულმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა, ადასტურებს, რომ ექსპრეზიდენტი და მისი გუნდი განაგრძობს ზეწოლას ქართულ მართლმსაჯულებაზე.
“ასეთი ქმედებები საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, უნდა დასრულდეს საუბარი ე.წ. ამანათებზე და ქრთამებზე. ვფიქრობ, ამ საქმით უნდა დაინტერესდეს საქართველოს პროკურატურა. პირველ რიგში უნდა დადგინდეს ამ მიმოწერის ავთენტურობა და სასამართლომაც თავისი სიტყვა უნდა თქვას. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა გამოძიების მიერ, საქმე უნდა გახდეს იუსტიციის საბჭოს მსჯელობის საგანიც და ამ ყველაფერს აუცილებლად უნდა მოჰყვეს ძალიან მკაცრი სამართლებრივი შეფასება. როგორც ჩანს, ეს ადამიანები არ ეშვებიან ზეწოლას ქართულ მართლმსაჯულებაზე, რაც წლების განმავლობაში გახლდათ მათი მუშაობის სტილი. ამ ინფორმაციით, ირკვევა, რომ დღესაც მიმდინარეობს აქტიური ზეწოლა კონკრეტულ მოსამართლეებზე”, – აცხადებს “პრაიმტაიმთან” საუბრისას მამუკა მდინარაძე.
ცნობისთვის: უკრაინულმა საინფორმაციო ვებ-გვერდმა გამოაქვეყნდა მიხეილ სააკაშვილისა და დავით საყვარელიძის ვაიბერ-მიმოწერა, სადაც სავარაუდოდ საუბარია “რუსთავი2”-ის საქმის განმხილველ მოსამართლეებთან უკანონო კომუნიკაციაზე, მათთვის “ამანათის გაგზავნასა” და სამომავლოდ მაღალი თანამდებობის შეთავაზებაზე. მიმოწერით საუბარია “თემი აფეთქებაზე”, რაც კონკრეტული მოსამართლეების მიერ საჯარო განცხადებაში უნდა გამოიხატოს. ჩანაწერის მიხედვით, მოსამართლეებმა ხელისუფლების მხრიდან “ზეწოლის, თვალთვალის, დატერორებისა და დაშინების შესახებ უნდა ისაუბრონ”. როგორც ჩანაწერში, სავარაუდოდ, დავით საყვარელიძე აღნიშნავს, ამ გეგმის “პიარს ნიკა გვარამია მიხედავს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები