ბათუმში გარდაცვლილ დედა-შვილს ელექტროენერგიის დავალიანება 40 ლარი ჰქონდა – მერიამ დაკრძალვისთვის 1000 ლარი გამოყო

სავარაუდოდ, ყინვისგან გარდაცვლილ სოციალურად დაუცველ დედა-შვილს მატერიალურად ბათუმის მერია უკანასკნელად, 3 წლის წინ, 2014 წელს, 400 ლარით დაეხმარა. დედა-შვილის დაკრძალვის ხარჯებს ბათუმის მერია თავის თავზე იღებს.
როგორც „კვირას“ ბათუმის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, სოფიო მიქელაძემ განუცხადა, მერიამ სარეზერვო ფონდიდან გარდაცვლილ დედა-შვილს, ჯანიკო სარჯველაძეს და ამირან გორგოძეს 500-500 ლარი გამოუყო და ჩასასვენებელი შეუძინა.
სოფიო მიქელაძე „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ჯანიკო სარჯველაძე უკვე რამდენიმე წელია, სოციალურად დაუცველთა ფენას ეკუთვნის და შესაბამისად, დედა-შვილი შეღავათებით სარგებლობდა. მისი თქმით, ჯანიკო სარჯველაძე ბათუმის მუნიციპალურ სასადილოში დადიოდა და უფასოდ იკვებებოდა. download
თუმცა, ბათუმის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ სარჯველაძე უფასო სასადილოში 2017 წლის იანვარში საერთოდ არ გამოჩენილა. მიქელაძე ამბობს, რომ მოხუცი სასადილოში იანვრამდე დადიოდა და საკვები სახლშიც მიჰქონდა.
„როდესაც მოგვმართა ოჯახმა მატერიალური დახმარებისთვის, მერიამ სარეზერვო ფონდიდან გამოუყო 400 ლარი და ეს იყო 2014 წელს. ამის შემდეგ ოჯახს მატერიალური დახმარებისთვის არ მოუმართავს, თუმცა მათ გაეგზავნათ ამანათები, ისინი უზრუნველყოფილნი იყვნენ საკვები პროდუქტებით და შეღავათებით კომუნალურ გადასახადებზე. კერძოდ, ისინი წყლის, ნაგვის და სანიტარული დასუფთავების გადასახადებისგან გათავისუფლებული იყვნენ. ამ დახმარებაში ელექტროენერგიის გადასახადი არ შედიოდა.
გარდა ამისა, ისინი სარგებლობდნენ მერიის ჯანდაცვის პროგრამებით. ჩვენ არაერთხელ დავხმარებივართ მედიკამენტებით. იმ შემთხვევაში, თუკი ოჯახი მოგვმართავდა ელექტროენერგიის დავალიანების შესახებ, ჩვენ ძალიან ხშირად გაგვიწევია შუამდგომლობა კომპანია „ენერგო-პრო-ჯორჯიასთან“ და შესაბამისად, ელექტროენერგია არ გაუთიშავთ. სარეზერვო ფონდიდანაც დავხმარებივართ მატერიალურად ასეთ ოჯახებს“, – აცხადებს სოფიო მიქელაძე.
„კვირა“ კომპანია „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ დაუკავშირდა, სადაც ადასტურებენ, რომ მობინადრე ჯანიკო სარჯველაძის ოჯახს 1 თვის დავალიანების გამო ელექტროენერგია გაუთიშეს.
„აბონენტს გადასახდელი ჰქონდა 52 ლარი და 49 თეთრი, ჩაერიცხა ტარიფის სუბსიდია – 12 ლარი და 37 თეთრი. შესაბამისად, მათი დავალიანება შეადგენდა 40 ლარს და 12 თეთრს“, – აღნიშნავენ კომპანიაში.
16425563_1376235155732307_1836268387_nბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ამბობს, რომ იგი პირადად იცნობდა 70 წლის ჯანიკო სარჯველაძეს, თუმცა ვერ იხსენებს, ბოლოს როდის ნახა. გიორგი ერმაკოვი ამბობს, რომ მომხდარით შეძრწუნებულია.
„ძალიან ცუდი რამ მოხდა. ვიცი, რომ გამოძიებაა დაწყებული და ვაცადოთ გამოძიებას. სამართალდამცველები გაარკვევენ დედა-შვილის გარდაცვალების მიზეზს“, – ამბობს გიორგი ერმაკოვი.
მისი თქმით, გარდაცვლილ ჯანიკო სარჯველაძეს კიდევ ერთი ვაჟი დარჩა, რომელიც ამჟამად ბათუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია მოთავსებული.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, დედა-შვილს – 70 წლის ჯანიკო სარჯველაძეს და 50 წლის ამირან გორგოძეს ნათესავი აკითხავდა, თუმცა მან დედა-შვილი უკანასკნელად 3-4 იანვარს ნახა.
„მეუღლესთან ერთად ვიყავი, საჭმელი გავუკეთე, ორივემ მიირთვა. ამირანს მუცლის არეში რაღაცა აწუხებდა და წამალი ამოვუტანე. სულ სციოდათ და ელექტროღუმელიც მივუტანე. მაშინ ელექტროენერგია ჰქონდათ. ვთხოვე, მერიაში მივალ და შეშას მოგიტანთ-მეთქი, მაგრამ არ დამთანხმდნენ. მეორე დღეს, ჩემს დეიდაშვილს ფსიქიატრიულში მივაკითხე და იმასაც საკვები მივუტანე. ამის შემდეგ გურიაში დავბრუნდი. დეიდაჩემი წლების განმავლობაში ამირანს უვლიდა. ორივე შვილი ფსიქიკურად დაავადებული ბენეფიციარები იყვნენ“, – აცხადებს ჯანიკო სარჯველაძის დის შვილი.
მისი თქმით, მან დედა-შვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მეზობლებისგან შეიტყო.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში ინასარიძის ქუჩის 14 ნომერში დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს. ცხედრები პოლიციამ აღმოაჩინა.
მეზობლების ინფორმაციით, მათი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი სიცივით გაყინვა გახდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
დედა-შვილის ცხედრები ბათუმის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროშია მოთავსებული, სადაც სიკვდილის მიზეზიც დადგინდება. ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გაირკვევა, დედა -შვილი 26 იანვრამდე (დენის გათიშვამდე) გარდაიცვალნენ თუ 26 იანვრის შემდეგ.
ჯანიკო სარჯველაძეს და ამირან გორგოძეს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათში დაკრძალავენ.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები