გიორგი მღებრიშვილი ბელორუსიის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბელორუსიის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს, ივან ნოსკევიჩს შეხვდა.
შეხვედრაზე შს მინისტრმა ხაზი გაუსვა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოსა და ბელორუსიის სამართალდამცავი უწყებების მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რაც ორ ქვეყანას შორის საპოლიციო სფეროში დადებული შეთანხმებების საფუძველზე ხორციელდება.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, ბელორუსიის რესპუბლიკაში საქართველოს შს სამინისტროს პოლიციის ატაშეს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, როგორც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაში, ასევე, ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლაში.
შს მინისტრმა სტუმარს სამინისტროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომლის შექმნის მიზანი პოლიციის საქმიანობაში მაღალი ტექნოლოგიების როლის გაზრდა და დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესებაა. გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს აკადემიის რეგიონულ-საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბების პროექტის შესახებაც ისაუბრა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველოს შს სამინისტროს სახით, საიმედო პარტნიორი შევიძინეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო გიორგი მღებრიშვილს გულთბილი და ნაყოფიერი შეხვედრისთვის. იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება,“ – განაცხადა ივან ნოსკევიჩმა.
შეხვედრაზე შს მინისტრმა და ბელორუსიის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბელორუსიის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
ვიზიტის ფარგლებში, ივან ნოსკევიჩი შსს-ს აკადემიას, ერთობლივი ოპერაციების ცენტრს და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები