რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

შს სამინისტრო მიმართავს მაქსიმალურ ძალისხმევას, რომ რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებული საქმე დროულად იქნას გამოძიებული და დამნაშავე წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, ინციდენტში მონაწილე სამივე მძღოლი გამოკითხულია, თუმცა ბრალის წარდგენა მხოლოდ შესაბამისი ექსპერტიზების დასრულების შემდეგაა შესაძლებელი.
„მიმდინარე წლის 24 იანვარს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.
გამოძიების ფარგლებში, დაინიშნა ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები, რომელთა დასკვნების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანოს ექნება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რათა ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე პირის მიმართ განხორციელდეს კანონის შესაბამისი ღონისძიებები.
რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სამივე მძღოლს, მომხდართან დაკავშირებით ისინი პოლიციის მიერ მოწმის სახით გამოიკითხნენ.
საზოგადოების ინფორმირებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ, კანონის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეული პირის გამოკვეთა და მისთვის ბრალის წარდგენა მხოლოდ შესაბამისი ექსპერტიზების დასრულების შემდეგაა შესაძლებელი.
შს სამინისტრო მიმართავს მაქსიმალურ ძალისხმევას, რომ აღნიშნული საქმე დროულად იქნას გამოძიებული და დამნაშავე წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 26 წლის სოფო ბერიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალგაზრდა გოგო რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მიმართულებით ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჭქარით მომავალი „ML”-ის მარკის ავტომობილი ტაქსს დაეჯახა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები