“შეტევები, რომელიც „გაზპრომის“ ხელშეკრულებაზე მოდის მისი პოლიტიკური რისკების ზრდასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება”

ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, შეტევები, რომელიც „გაზპრომის“ ხელშეკრულებაზე მოდის მისი პოლიტიკური რისკების ზრდასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.
„რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – როდესაც გვაქვს კონტრაქტი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელიც იღებს ვალდებულებას კომერციულ ფასად მოგვაწოდოს ქვეყნისთვის საჭირო გაზი, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დამოკიდებულება რუსულ გაზზე ამ კონტრაქტის ფარგლებში არის ნული.
 
თუ მოხდა გარკვეული ექსტრემალური სიტუაცია და ჩვენ დაგვჭირდა გაზის შეძენა, მაშინ ჩვენ ამ შემთხვევაშიც გვექნება კომერციული ფასი. აქ პოლიტიკური რისკები არის შემცირებული“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
 
გიორგი გახარიას თქმით, ამ ხელშეკრულებით ეკონომიკურ ნაწილში არის დანაკარგი, თუმცა შემცირდა პოლიტიკური რისკები.
 
„ეს რისკები შევამცირეთ იმიტომ, რომ თუ დაგვჭირდებოდა და ჩვენ ვყიდულობდით დამატებით გაზს რუსეთიდან, მისი ფასი არ იყო განსაზღვრული და ეს ფასი იყო საკმაოდ მაღალი. დღეს დაფიქსირდა კომერციული ფასი ვალდებულებების გარეშე, რომ ჩვენ ეს მოცულობა უნდა ვიყიდოთ“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
 
კითხვაზე, თუ რატომ არ გააკეთეს ამ თემაზე მთავრობის წევრებმა განმარტებები პარლამენტში, გახარიამ უპასუხა, რომ ეს დატვირთული გრაფიკის გამო მოხდა.
 
„უბრალოდ გადაავლეთ თვალი, მაგალითად, 15 დეკემბრიდან დღემდე აქტივობების და გრაფიკის ნაწილში რა ხდება: იყო ვიზიტები, ჩამოდიოდნენ სტუმრები და ასე შემდეგ. არავის არ უთქვამს, რომ პარლამენტში მისვლის რაიმე პრობლემა არსებობს. ვთქვით, რომ აუცილებლად მივალთ და აუცილებლად გავცემთ ყველა კითხვას პასუხს, არამარტო მე, არამედ ჩემი კოლეგებიც მზად არიან პარლამენტში მისვლისთვის, როდესაც ამის აუცილებლობა იქნება. სულ რამდენიმე ხნის წინ იყო დამტკიცებული მთავრობა, რომელიც მთელი შემადგენლობით იყო პარლამენტში და იქ შეკითხვების მაქსიმალურ რაოდენობას გაეცა პასუხი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები