“პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს რათა არ განხორციელდეს გია ცერცვაძის ექსტრადიცია იმ სახელმწიფოში, სადაც მისი უფლებების დარღვევის რისკი არსებობს”

„საქართველოს მთავარი პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს, რათა არ განხორციელდეს საქართველოს მოქალაქის, გია ცერცვაძის ექსტრადიცია იმ სახელმწიფოში, სადაც მისი უფლებების დარღვევის რეალური რისკი არსებობს“, – ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ჩილინგარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გია ცერცვაძის შესახებ კიევის სააპელაციო სასამართლო მომავალ სასამართლო პროცესზე იმსჯელებს, რომელიც 3 თებერვალს გაიმართება. ირაკლი ჩილინგარაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავარი პროკურატურა მუდმივ კომუნიკაციას ახორციელებს უკრაინის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან გია ცერცვაძის უკრაინის ტერიტორიაზე დაკავების საკითხთან დაკავშირებით.
„ამ მიზნით, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე პირადად დაუკავშირდა მის უკრაინელ კოლეგას და მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია გია ცერცვაძის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის მიზანშეუწონლობის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, უკრაინის გენერალურ პროკურატურას ასევე, გაეგზავნა შესაბამისი წერილობითი დოკუმენტაცია. მსგავსად წინა დღეებისა, საქართველოს მთავარი პროკურატურა დღესაც დაუკავშირდა უკრაინელ კოლეგებს, რათა მიეღო ინფორმაცია გია ცერცვაძის პატიმრობის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესის თაობაზე. როგორც უკრაინელმა კოლეგებმა გვაცნობეს, პროცესის გადადება მოხდა იმ მიზეზით, რომ შესაბამისი მასალების წარდგენა პირველი ინსტანციის სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში დროულად ვერ იქნა უზრუნველყოფილი. შესაბამისად, საკითხის განხილვა გადაიდო 3 თებერვლისთვის. აღსანიშნავია, რომ დღეს ჩატარებულ სასამართლო პროცესზე არ მომხდარა გია ცერცვაძის პატიმრობაში დატოვების თუ გათავისუფლების საკითხის არსებითი განხილვა და შესაბამისად, ამ საკითხზე კიევის სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს მომავალ სასამართლო პროცესზე“, – განაცხადა ჩილინგარაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს მთავარი პროკურატურა კვლავაც მუდმივ რეჟიმში განახორციელებს კომუნიკაციას უკრაინელ კოლეგებთან და გააკეთებს ყველაფერს, რათა არ განხორციელდეს საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია იმ სახელმწიფოში, სადაც მისი უფლებების დარღვევის რეალური რისკი არსებობს.
საუბრის დასასრული

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები